კოპიმიზმის ეკლესია, რომლის მთავარი დოგმაც ფაილების გაზიარებაა, შვედეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა რელიგიად. ორგანიზაციას სამჯერ მოუწია განცხადების შეტანა, სანამ მთავრობა მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. კოპიმიზმის ეკლესია წმინდა სიმბოლოებად მიიჩნევს CTRL+C-სა და CTRL+V-ს. ის პირდაპირ არ ქადაგებს ფაილების არალეგალურ გავრცელებას, თუმცა ფოკუსირებას ახდენს ინფორმაციის ფართოდ განაწილებაზე.
კოპიმიზმის დამაარსებელია 19 წლის ფილოსოფიის სტუდენტი ისაკ გერსონი. მას იმედი აქვს, რომ ფაილების დაშეარებას მომავალში რელიგიური მხარდაჭერაც ექნება.
“კოპიმიზმის ეკლესიაში ინფორმაცია წმინდად ითვლება, კოპირება კი საიდუმლოდ. ინფორმაციას გააჩნია ღირებულება, რომელიც გავრცელებასთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება. ამიტომ კოპირება ორგანიზაციისა და მისი წევრების მთავარი პრინციპია”. შვედეთის სახელმწიფოს მიერ აღიარება კოპიმებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. იმედია, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზაციის გაფართოებას და შეგვეძლება, ღიად გამოვხატოთ ჩვენი რწმენა დევნის გარეშე”- ნათქვამია გერსონის განცხადებაში.
ახლი რელიგიის მიმდევართა რიცხვი 3000-მდეა. მიმდინარეობის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ შვედეთის მთავრობა არანაირ მოწყალებას არ იჩენს ინტერნეტ-მეკობრეობის მიმართ.
ეკლესიის მცნებებია:
- ცოდნა ყველასთვისაა,
- ცოდნის ძიება წმინდაა,
- ცოდნის ბრუნვა წმინდაა,
- კოპირება წმინდაა.
2012 წელს 28 აპრილს კოპიმიზმის ეკლესიაში გაიმართა პირველი ქორწინება, რომელიც მათმა მღვდელმა ჩაატარა, მას სახე ნიღაბით ჰქონდა დაფარული და ხმა მოდულატორით შეცვლილი. ქორწილი გაიმართა სერბეთში, რუმინელ ქალსა და იტალიელ კაცს შორის.
სოფიკო ნინიკაშვილი