პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.
პოლონეთის სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი პაველ სოლოხი, რომელიც საქართველოში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის მოწვევით იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და პრეზიდენტის სახელით ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელშიც უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და მდივნის მოადგილეები ივლიანე ხაინდრავა, ლევან ბოძაშვილი და ვანო მაჭავარიანი მონაწილეობდნენ, ქართული და პოლონური დელეგაციების წარმომადგენლებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება განიხილეს.
პოლონეთის დელეგაციაში პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩეშკოვსკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნი მარცინ ჟოჰოვსკი, უშიშროების ბიუროს შეირაღებულ ძალებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი, გენერალი იაროსლავ კრაჟევსკი და ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტი ანა მადეი შედიოდნენ.
პოლონეთის სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი პაველ სოლოხის ორდღიანი ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
2014 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით გლობალურ, რეგიონალურ და ორმხრივ დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.