ქ. ათენში, ევროკომისიის საბერძნეთის წარმომადგენლობის საკონფერენციო დარბაზში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი კრებულის „Georgia’s European Ways“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს კრებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა წარუდგინა. დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა. ქართულ-ევროპულ კულტურულ იდენტობასა და ისტორიულ პარალელებზე გაამახვილა ყურადღება წიგნის რედაქტორმა, მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ.
„უმბერტო ეკოს ერთხელ ჰკითხეს-რომელია მთავარი ევროპული ენა? და მან უპასუხა-თარგმანი. სწორედაც ასეა-ისტორიულად ევროპაში თავს იყრიდა აბსოლუტურად განსხვავებული კულტურები, ჰიბრიდულობა იყო მუდმივად ევროპის ჭეშმარიტი ბუნება და ისტორიული მისია. ამ წიგნის გამოცემით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ამ მისიას“-აღნიშნა პრეზენტაციის დასასრულს მწერალმა.
დავით ბაქრაძემ და ზურაბ ქარუმიძემ მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხეს. ღონისძიება საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
„საქართველო ყველა ინსტიტუტის დონეზე, იქნება ეს მთავრობა, თუ პარლამენტი, მუდმივად გრძნობს საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით“-განაცხადა ევროპულ და ევროტალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინოს დუზინასთან შეხვედრის დროს.
შეხვედრა ქ.ათენში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში 27 ივნისს გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფაგლებში მიმდინარე რეფორმებსა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესს. კონსტანტინოს დუზინამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაო და დაადასტურა საბერძნეთის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
26 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ქ. ათენში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ათენში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, სხვადახვა სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ეკონომიკური, თუ სოციალური განვითარების პესპექტივებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.