საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაგამართა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის პრიორიტეტები. მიხეილ ჯანელიძემ წარმატება უსურვა სლოვაკურ მხარეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დასახული მიზნებისა და ამბიციური პროგრამის განხორციელებაში. მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა იმ ფაქტს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან საერთო ინტერესებზე და დიფერენციაციის პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერებას სლოვაკეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.
ასევე, შეხვედრისას ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას და მინისტრის მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა მტკიცე მზაობა შეთანხმების წარმატებით შესრულების მიმართულებით.
ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულებაზე და ევროკავშირის საბჭოში მიმდინარე განხილვებისას ევროკავშირისწევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.