წერის სურვილი, ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადარჩენის ტოლფასიცაა ავტორისთვის.
დაიბადა თელავში, მსახიობების ოჯახში. დაამთავრა თელავის პედაგოგიური უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მოკლე ხანში გამოსცა წიგნები: “ამ გზას არ მივყავარ საქართველოში” – პოეზია, “აილინი” – პროზა, თურქული კინო – ნაშრომი, “ჩემი სულის ანაბეჭდი” – ლექსები, თარგმანები, ვირტუალური ურთიერთობები – სოციალური დიალოგები, რეშათ ნური გუნთექინი ,,ნარჩიტა” – რომანი (თარგმანი თურქულიდან).
ქალბატონო ლანა, რახდება ადამიანში, როცა იგი თავისი გრძნობების ფურცელზე გადატანას იწყებს?
– წერა ბავშვობიდანვე მინდოდა, დაახლოებით რვა – ცხრა წლის ვიყავი ლევ ტოლსტოის “ბავშვობა, ყრმობა და ჭაბუკობა” რომ წავიკითხე. სწორედ მაშინ გამიჩნდა წერის სურვილი. მეც დავიწყე საკუთარი ბიოგრაფიის წერა, თუმცა ბევრი არაფერი მქონდა დასაწერი და, შესაბამისად, მალე გავჩერდი იმ იმედით, რომ გავიზრდებოდი, მრავალი საინტერესო რამ მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და აი მაშინ გავაგრძელებდი დაწყებულ საქმეს. მაშინდელი შეგრძნება მახსოვს, პირველად რომ დავიწყე წერა, ეს იყო სრული ნდობა და გულახდილობა თეთრი ფურცლის მიმართ, თითოეული სიტყვა შეუფუთავი და წრფელი იყო. ახლაც ასე ვარ, წერის დროს საკუთარ თავთან ვბრუნდები.
თქვენი გრძნობები რამდენად ჩანს თქვენს შემოქმედებაში, თუ ეს ყველაფერი სხვისი თვალით დანახული და განცდილი გაქვს გადმოტანილი?
– რაც არ უნდა სხვისი განცდილი აღვწერო, თუნდაც მოგონილი და ძალიან საინტერესო ამბავი, თავად თუ არ განვიცადე, არ გავითავისე, არაფერი გამომივა. ყველა ნაწერში მეტ – ნაკლებად ჩემიც დევს, ლექსებში უფრო მეტად.
პროზასაც ეჭიდებით და პოეზიასაც, არ გიჭირთ?
– არ ვფიქრობ, რომ ეს შეჭიდებაა. თავისთავად ხდება ეს ყველაფერი.
პროზაში რაღაც განსხვავებული ხედვა გაქვს, თითქოს რაღაც გაურკვეველ სამყაროში გარკვევას ცდილობ…
– ალბათ, უფრო ჩემს შინაგან სამყაროში გარკვევას ვცდილობ. გარე სამყაროს მიერ მოყენებულ ტკივილებს თუ მძლავრ შთაბეჭდილებებს განვაზოგადებ წერით.
თქვენი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ვინაა და როგორ გამოხატეთ მისი სახე საკუტარ შემოქმედებაში?
– ჩემი პროზის მთავარი გმირი – პერსონაჟები, უმეტესობა ქალები არიან, მცირედი გამონაკლისის გარდა, შესაბამისად ყველა მათგანში ხვადასხვა დოზით თავად მე ვარ… საყვარელი პერსონაჟი კი -“მომკალ, მომკალ ჩემო კარგოს!“ გოგოა. მისი პროტოტიპი მამაჩემია და ეს მოთხრობაც სწორედ მის ხსოვნას მივუძღვენი.
მაინც რა არის მწერლობა, რა აკისრია მას?
– მწერლობას, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებს, ადამიანთა სულის გალამაზება და დახმარება აკისრია, ჩემი აზრით. მიმაჩნია, რომ ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე, რომელიმე ნაწარმოებში აღწერილი ამბავი. კერძოდ, მწერალი ვალდებულია გარკვეულ ჩარჩოში მოაქციოს ამბავი, დაიწყოს, განავითაროს და დაასრულოს, მაშინ როდესაც, რეალურ ცხოვრებაში, შესაძლებელია თუ სიკვდილმა არ დაუსვა წერტილი რაღაც ამბავს, ადამიანის უსასრულო ტანჯვა-წამება არც არასოდეს მთავრებოდეს… მწერლობა, საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის ერთ-ერთი საშუალებაა.
რომელიმე მწერალმა ან პოეტმა თუ იქონია გავლენა თქვენს შემოქმედებაზე ან პირად ცხოვრებაზე?
– ბავშვობაში, უფრო მეტად ანა კალანდაძეს ვკითხულობდი, განსაკუთრებით მომწონდა ლექსი “მე პატარა მეგობარი მყავდა”, რომელიც ძალიან ადარდიანებდა ჩემ ისედაც სევდიან სულს… მწერლებიდან მიყვარდა ჩარლზ დიკენსის, ონორე დე ბალზაკის, გი დე მოპასანის, ემილ ზოლას, ანატოლი ფრანსის, უილიამ თეკერეის, ჯონ გოლზუორთის, ვიქტორ ჰიუგოს, სომერსეტ მოემის, გაბრიელ გარსია მარკესის, თეოდორ დრაიზერის, შარლოტა ბრონტეს და იუზეფ კრაშევსკის ნაწარმოებების კითხვა. რა თქმა უნდა, ეს არასრული სიაა, მაგრამ ძირითადად მათ მიერ შექმნილმა პერსონაჟებმა მოახდინეს გავლენა ჩემს სულიერ განვითარებასა და შემოქმედ ადამიანად ჩამოყალიბებაში.
როგორ შეაფასებ დღევანდელ პროზა-პოეზიას?
– პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან არ მომწონს, როდესაც თავად ავტორები წუხან მომრავლებულ ე.წ. ლექსთა მწერალთა გამო. ვფიქრობ არავის აქვს უფლება ვინმეს წერა აუკრძალოს წერა და შემოქმედებითი ცხოვრება, პროზაში იქნება ეს თუ პოეზიაში, რადგან წერის სურვილი, ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადარჩენის ტოლფასიცაა ავტორისთვის. რაც შეეხება ჩემს შეფასებას – ვკითხულობ იმ ავტორებს, რომელთა ნაწარმოებებიც გულთან მოდის, მაფიქრებს და სადღაც მშველის კიდეც.
რამდენად ჯანსაღია დღეს კონკურენცია ან თუ თვლი საჭიროდ ცენზურას?
– კონკურენცია არ უნდა იყოს მწერლობაში, ავტორმა ნაწარმოებზე უნდა იფიქროს და არა შეჯიბრზე. ცენზურა საჭიროა, თუმცა დღეს დღეობით არ არსებობს.
რა მოგცა „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიამ“?
– “წმინდა ილია მართლის გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – “ივერიამ” მომცა სტიმული შემოქმედებითად და ადამიანური სიხარული მომანიჭა. დიდი მადლობა ამ პროექტს და მის დამფუძნებელს, ორგანიზატორებს.
და ბოლოს, ქალბატონო ლანა, რის თქმაც გინდათ ყოველთვის, ხალხისთვის…
– ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიან მინდა ბოლოს და ბოლოს, ყველამ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის მტრის და მოყვრის გარჩევა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს! მიყვარხართ!