მართლმადიდებლური სწავლებით იოანე ნათლისმცემელი ისრაელის ბოლო წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც თავისი მოღვაწეობით ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და კაცობრიობა უფალთან შესახვედრად მოამზადა. იგი ხალხს უქადაგებდა, რომ მოენანიებიათ ცოდვები და მიეღოთ ნათლობა წყლით, მდინარე იორდანეში: „რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”.
საინტერესოა იოანე ნათლისმცემელის დაბადება და ბავშვობა, რაც კარგადაა აღწერილი „წმიდანთა ცხოვრებაში“. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1, 5-80) მოგვითხრობს, მისი მშობლები – მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი ღმერთის წინაშე „მართალნი“ იყვნენ, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ჰყავდათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა. ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“. იოანეს დაბადებამდე სამი თვით ადრე, ასაკოვანი ელისაბედი მოინახულა ნათესავმა, ყოვლადკურთხეულმა მარიამმა ნაზარეთიდან, სადაც მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ იგი შობდა ძეს ღვთისას. მომავალი დედობითა და საყვარელ მარიამთან შეხვედრით გახარებული ელისაბედი აღივსო სულიწმიდით და მან, პირველმა ადამიანთა შორის, წინასწარმეტყველურად აღიარა ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობლად: “კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!“. როდესაც ელისაბედისთვის შობის ჟამმა მოაღწია, ნათესავები და მეზობლები მივიდნენ მასთან და გაიხარეს, რომ უფალმა სიბერის ჟამს მისცა მას ძე და ამით განადიდა მისი სახელი.
მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, – ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკვირდა ესე ყოველთა“. ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთ ისრეაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა“; ჩვილს კი მიმართა: „და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.
სახარება გადმოგვცემს, რომ ცხოვრება იოანე ნათლისმცემლისა იყო განწმენდილი: “ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებამდე მისა ისრაელისა მიმართ”. როდესაც ჰეროდემ მხსნელის შობის ამბავი შეიტყო, 14 ათასი ყრმა მოაწყვეტინა იმ იმედით, რომ მათ შორის იქნებოდა “მეფე ისრაელისა”. ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ ყრმათა შორის მოხვდებოდა იოანე ნათლისმცემელიც, რომელიც მაცხოვარზე ექვსი თვით უფროსი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისი – ზაქარია იერუსალიმის ტაძარში მოკლეს, მართალმა ელისაბედმა იგი უდაბნოში წაიყვანა. იოანე იმ დროს 2 წლისაც არ იყო. შემდეგ ელისაბედიც გარდაიცვალა. გადმოცემით ვიცით, რომ ყრმა იოანე ხუთი წლიდან მარტოდმარტო იზრდებოდა უდაბნოში. სახარება გადმოგვცემს, რომ მკალისა და ველური თაფლის გარდა არაფერს იხმევდა. ემოსა აქლემის ბეწვი და წელთ ერტყა ტყავის სარტყელი.
“ნათლისმცემელი”- ასე ეწოდა წმ. იოანეს, რადგან უფალმა მისი ხელიდან ინება ნათლობის მადლის მიღება. ილია მეორე- „…რჩეული ბრძანდებოდა ნათლისმცემელი და წინამორბედი ქრისტესი იოანე. მას უდაბნოს გვრიტს უწოდებენ. მის სადიდებლად დაწერილ საგალობელში ნათქვამია: „გვრიტო უდაბნოსაო, ანგელოზო მიწისაო, კაცო ზეცისაო“. ამიტომაც იგი ერთადერთია წმინდათა შორის, რომელიც ფრთებით იხატება. დიდმა სულიერებამ და სიწმინდემ იოანე ისე აღამაღლა, რომ ანგელოზებს დაემსგავსა – ანგელოზთა სწორად იქცა“.
“უდიდესი ადამიანთა შორის”, როგორც იოანეს თავად უფალმა უწოდა, მოწამეობრივად აღესრულა. მას თავი მოჰკვეთეს გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 7ივლისს მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაული წირვა აღევლინება, თუმცა განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ავჭალაში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერიში, სადაც წმ. იოანეს სასწაულ მოქმედი წყარო მდებარეობას. ცნობილი არ არის საიდან იღებს სათავეს წყარო, თუმცა ფაქტია, რომ ის ზაფხულში ცივი, ზამთარში თბილი მოედინება. რწმენით მიახლებული მლოცველები კი იკურნებიან დაავადებებისგან.
1742 წელს მიწისძვრის შედეგად დანგრეულ იოანე ნათლისმცემლის ტაძარს რესტავრაცია 1990 წელს, დეკანოზ თეიმურაზ ტუღუშის დიდი ძალისხმევით ჩაუტარდა. ტაძარი ძველი ქართული სტილითაა ნაშენები. ერთნავიანია, აღმოსავლეთიდან საკურთხეველს მომრგვალებული ფორმა აქვს, დატანებული აქვს ორი სარკმელი. 1994 წლიდან აქ მოქმედებს დედათა მონასტერი. მრევლის სიმარავლის გამო ტაძრის ეზოში იოანე ნათლიმცემლის მშობლების წმინდა ზაქარიასი და მართალი ელისაბედის სხელობის ტაძრი დგას, რომლის მშენებლობა დასრულდა 2001 წლის 7 ივნისს.
სოფიკო ნინიკაშვილი