„ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისია მთლიანად ღონისძიება, გენერალური მდივნის პირველი განცხადებიდან დაწყებული. საბედნიეროდ ჩვენი განმარტებები აღარ არის საჭირო, იენს სტოლტენბერგმა ამ ყველაფერზე ღიად ილაპარაკა“. ვარშავის სამიტის დეტალებზე და „ნატო“-საქართველოს ურთიერთობის მომავალ ეტაპებზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „პოლიტიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ „ნატო“-ს გენერალურმა მდივანმა ცალსახა და მკაფიო პასუხები გასცა ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას. მათ შორის რუსული პროპაგანდის მთავარ არგუმენტს იმის შესახებ,რომ თურმე საქართველოსთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადასინჯვა არის დღის წესრიგში.
ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვმართავდით შეხვედრებს. საქართველოს პრეზიდენტი ამჟამადაც ბელგიის პრემიერ-მინისტრთან იმყოფება შეხვედრაზე. საუბრის მთავარი თემა იყო უკვე პოსტ-ვარშავული პერიოდი. ჩვენ ვარშავა დასრულებული გვაქვს, მიმდინარეობს „ნატო“-საქართველოს კომისიის სხდომა, ხვალ კომუნიკე გამოქვეყნდება და ყველა აქ შეკრებილი ფიქრობს, გეგმებს აწყობს თუ როგორ უნდა აისახოს ვარშავის სამიტის პოლიტიკური გადაწყვეტილებები რეალურ ცხოვრებაში. როგორი უნდა იყოს სამოქმედო გეგმა, იმპლემენტაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების,რომელიც პოლონეთის დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში მიიღება.
მთავარი არის სამოქმედო გეგმა, დეკემბრის მინისტერიალზე მთავარი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით იყო სწორედ ეს. პროცესი გაიყო ორ ნაწილად, ჩვენ „ნატო“-მ შავით თეთრზე გვითხრა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. დარწმუნებული ვარ ხვალ კომუნიკეშიც იგივე აისახება. ყველა სკეპტიკოსის გასაგონად მინდა განვმარტო, რომ MAP-წევრობის სამოქმედო გეგმა მოიგონეს გაწევრიანების გზაზე მყოფი ახალი ქვეყნებისთვის, რომ მოემზადებინათ წევრობისთვის. ჩვენ ეს გზა გავლილი გვაქვს. ზუსტად იმ დღეს, როცა ნატოს წევრებს შორის იქნება კონსენსუსი საქართველოს წევრობის შესახებ, ეს ყველაფერი იქნება პაკეტური გადაწყვეტილების ნაწილი“.
თინა ხიდაშელმა იმ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა,რომელიც საქართველომ „ნატო“-სთან ურთიერთობის პერიოდში განახორციელა.
„რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საშუალებებს, პირელი არის ჰაერსაწინააღმდეგო სფერო. ჩვენ ფრანგებთან ხელშეკრულება გვაქვს, რომლის საფუძველზეც დავიწყეთ ამ სეგმენტის გაძლიერება. 2017 წლიდან ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა იქნება სრულად ინტეგრირებული „ნატო“-ს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასთან. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი არის შავი ზღვა. ამასთან დაკავშირებით მქონდა შეხვედრა რუმინელ კოლეგებთან, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვა „ნატო“-სთვის გახდა უსაფრთხოების ერთ-ერთი წერტილი. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ყირიმის შემდეგ გახდა, როცა შავი ზღვა გახდა საფრთხის მატარებელი.
არ ვიცი საქართველოს და უკრაინის შემდეგ გაფართოვდება თუ არა „ნატო“, თუმცა ღია კარის პოლიტიკა არის ვარშავის სამიტის მთავარი მონაპოვარი. ჩვენი ამოცანაა გავყვეთ პოლიტიკურ პროცესს,რომელიც ლოგიკურ გაგრძელებებს წლიდან წლამდე პოულობს“.
მანანა ღოღობერიძე