„2006 წლის შემდეგ ეს სამიტი ყველაზე მეტად იყო დაცლილი მოლოდინებისგან. საქართველომ ვერ მიიღო ვერაფერი ინტეგრაციის თვალსაზრისით საფეხურეობრივად“- ვარშავის სამიტის და ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის შესახებ პარტია „სახელმწიფო ხალხიოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„კარგია, რომ ალიანსი გაფართოვდა, ღია კარის პოლიტიკა შენარჩუნებულია. კონკრეტულად საქართველოსთვის კარგია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას „ნატო“ ახლებურად უყურებს. აქ საქართველოს და უკრაინის როლი იზრდება. „ნატო“ მეტად დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში. მაგრამ არის კი ეს ის, რასაც ელოდა საქართველო. საკითხავია თუ არის ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილი, რაც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას. ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებას არ ჰქონია კონკრეტული გეგმა.
ჩვენ ვგეგმავთ ვიზიტს ვაშინგტონში. შევხვდებით იმ ადამიანებს,რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან ჩართულები „ნატო“-ში ინტეგრაციის საკითხში. საჭიროა ახალი გეგმა, სტაგნაცია სახეზეა. ამ მიმართულებით წინ ვერ მივიწევთ. ახალ გეგმას სულ რამდენიმე კვირაში წარვუდგენთ ამომრჩეველს.
ჯონ კერის ვიზიტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურება. ეს იყო ნათელი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ აშშ მხარს უჭერს საქართვეოს „ნატო“-ში ინტეგრაციას. მეორე მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო ისევ დგას გზაჯვარედინზე. ჯონ კერიმ თქვა,რომ 2016 წლის არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამერიკის ნომერ პირველ დიპლომატს ნამდვილად ჰქონდა საბაბი შეშფოთებისთვის, იქედან გამომდინარე, რომ 2008 წელსაც იგივე გზავნილი ჰქონდათ, 2012 წელსაც გზავნილი ეხებოდა არჩევნებს და ახლაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება არის გზავნილი,რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აგზავნის. ეს ნიშნავს,რომ საქართველო კვლავ ტრიალებს მოჯადოებულ წრეზე. ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც წინა, ახლანდელ ხელისუფლებასაც ეშინია ძალაუფლების დაკარგვის. დამძიმებულები არიან პოლიტიკური ცოდვებით. ჩვენ პოლიტიკაში მოვდივართ სუფთა ხელებით და არ შეგვეშინდება პოლიტიკიდან წასვლა მაშინ,როცა ამას ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს,“ – განაცხადა გიორგი რუხაძემ.