ხვალ, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, გაიმართება პრესკონფერენცია გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნასა და გალა-კონცერტთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან: საქართველოს სახალხო არტისტი – თენგიზ მუშკუდიანი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი -დავით კინწურაშვილი, დირიჟორები – რევაზ ტაკიძე და გიორგი ჭიჭინაძე.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში,14 ივლისს,შედგება გალა-კონცერტი, რომელიც ეძღვნება ლეგენდარული მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის საოპერო მოღვაწეობას. კონცერტის შემდეგ, ოპერის თეატრის წინ, ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც კულტურის პალატა უწევს ორგანიზებას.
თენგიზ მუშკუდიანი 32 წელი იდგა საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სცენაზე, ასრულებდა განსხვავებული სტილის პარტიებს, ქმნიდა საოპერო გმირების საინტერესო სახეებს, გამოირჩეოდა მომხიბვლელი ტემბრის ბანით. მნიშვნელოვანია თენგიზ მუშკუდიანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. სწორედ მისი ყოფილი და ამჟამინდელი მოწაფეები ავლენ სცენაზე 14 ივლისს დაგეგმილ გალა-კონცერტზე.
14 ივლისს, 19:00 საათზე დაგეგმილ საზეიმო გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე,ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და თენგიზ მუშკუდიანის მოწაფეები.სადირიჟორო პულტთან კი იქნებიან ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე და გიორგი ჭიჭინაძე.