,,ჩემი თავიდან მოშორება იმიტომ უნდოდა, რომ ეშინოდა თავდავიწყებით არ შევყვარებოდი. არ მესმოდა, რატომ არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის სიყვარულის უფლება. ჯერ 30 წლისაც არ იყო, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ნაადრევად დაბერება. საკუთარი თავისთის რაღაცის აკრძალვა ისევე აღელვებდა, როგორც სურვილების დაკმაყოფილება. ბოლოს დავრწმუნდი, რომ ჩემგან ყველაზე მეტად ინტელექტუალური პარტნიორობა უნდოდა – ორი გონების რომანი.”
ჯულიან ბარნსი
დიდი ხანია, აღარ დაგვილევია ერთად ყავა, მაგრამ ჯერ ისევ მახსოვს როგორი კმაყოფილია, ლოდინის შემდეგ ჭიქას რომ მოიქცევს ხოლმე თითებში. და როგორი ბედნიერია, როცა დაჟინების შემდეგ ჩემს ჭიქაშიც სამ კოვზ შაქარს ამატებს.
***
ახლა ჩვენ აღარ ვართ, ამიტომ მარტო ვუკვეთავ ხოლმე მაქსიმალურად ტკბილ კაპუჩინოს, ვსვამ და წარმომიდგენია, როგორ ზის და იცინის ჩემს შეჭმუხნულ წარბებზე. ამჯერადაც წამებით ვირთობ თავს, არც დღის ბოლო ღერი სიგარეტი მაქვს და არც სურვილი, რომ სახლისკენ გავუყვე ქუჩას. ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას და მაინც ყურისძირში ვგრძნობ მის სუნთქვას. ზუსტად ვიცი, როგორი სუნი აქვს კანზე და რამდენად ცდილობს, კიდევ დიდხანს იდგეს ზურგით. მერე წრიალს იწყებს და ტრიალდება უჩვეულოდ მშვიდი, მხოლოდ ხელებზე ეტყობა რომ თამაშობს. არადა ყველაზე ნაკლებად მისი თამაში მიყვარს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთხელაც ნიღბის ჩამოხსნას გადაჰყვება და ეგ იქნება.
,,როგორ ხარ?” იმდენადვე მრავალმნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენთვის, როგორც მრავალწერტილების უმნიშვნელობა ფრაზებს შორის. მეღიმება და არაფერს ვპასუხობ. ხვდება, რომ მიჭირს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია თავი ჩამომადოს და ასე იდგეს, მაგრამ დაცვის წესებში ეს უკანასკნელი არ შედის, ამიტომ ისევ ზურგით დგება. ნახევარი სიცოცხლე ვრჩები და მეორე ნახევრის აღდგენას ძველი დიალოგების წარმოდგენით ვცდილობ.
***
კომფორტზე ძვირფასი რამ გეგულებათ? ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ კომფორტში კი არა, კომფორტთან თანაცხოვრობ, ესაუბრები, ეხები, უსმენ. მიდიხართ თქეშში რამდენიმე საათის განმავლობაში, არ გაწუხებთ ერთმანეთის სიჩუმე და აქა-იქ ერთმანეთს ეკითხებით ,,ხარ?” და ორივე პასუხობთ ,,ვარ”. განიხილავთ ამერიკაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ან მეორე მსოფლიო ომს, ან რომელიმეს მიერ მეასედ წაკითხულ წიგნს, მისთვის დასაწყისშივე მოკლულ და შენთვის ბოლო გვერდამდე ცოცხალ პერსონაჟს, საყვარელი ჯგუფის უკანასკნელ სიმღერას ღიღინებთ და არაფერი დაგრჩენიათ, სიმშვიდის გარდა.
1.
– რომ წახვალ, დამირეკავ ხოლმე?
– არცერთხელ. -სიჩუმე, ბევრი სიჩუმე, ზედმეტად ბევრი სიჩუმე, ნაადრევი მონატრება წვეთებით და… – რომ დავბრუნდები, მერე დაგირეკავ. – ისევ სიჩუმე.
2.
– საკუთარ თავთან მაინც…
– უნდა ვითამაშო. – გაკვირვებული ვუყურებ, ვაკვირდები, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან არ ტყუის. ვერ ვბედავ, რამე ვკითხო. – წლები დამჭირდა, რომ ეს მესწავლა.
– ნუ.
– სხვანაირად გამიჭირდება. – ვიცი, რომ ახლა გარბის, არაფერს ვპასუხობ.
3.
– ყველაფერი კარგად როდისაა?
– დღეს.-როცა ამას მეუბნება, სულ ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს.ყველასთვის გამოუსწორებელი ოპტიმისტია, მე კი მისი პესიმიზმის მეშინია.
4.
– ჩემი რომც არ გჯეროდეს, მე შენი მჯერა. – მეღიმება, მიუხედავად იმისა რომ თავზეჩამომხობილი იმედგაცრუებებით სავსე ვდგავარ. მეღიმება, მხოლოდ იმიტომ რომ მისი მჯერა. იმისაც მჯერა, რომ თვალები არასდროს დაუბერდება. და იმისაც, რომ თამაშები ყველაზე მეტად მისი ტკივილია. ჩვენ აღარ ვართ, მაგრამ მაინც ერთმანეთისები ვართ.
5.
– წერ?-ეს კითხვა ნიშნავს, რომ წინა ღამით ჩემი ნაწერები წაიკითხა და რაღაც არ მოსწონს. რა თქმა უნდა, არ მეტყვის, გვერდით გიდგავარო. ცდილობს, მხოლოდ იგულისხმოს.
– ვწერ.- ქვევიდან მიყურებს.
– სხვანაირად როგორ. – ისევ წესებს იცავს, დაცვის წესებს.
– ,,როცა გიჭირს ვინც, შენს გვერდით დგას, ის არის ღმერთი.”
– ან როცა გიჭირს, ვინც გიცავს, ის არის ღმერთი. – ჩვენ ერთმანეთის ღმერთები ვართ და მინდა მჯეროდეს რომ არ გაგვითენდება ისეთი დღე, როცა ვიტყვით, რომ ,,ღმერთი მოკვდა.”
***
ისევ მარტო ვსვამ ზედმეტად ტკბილ ყავას, იდიოტივით ვიცინი და ჩემს გვერდით მჯდომ უცხო გოგონას ვეკითხები: ,,თქვენი აზრით, ღმერთები კვდებიან?“ თვალები გაუფართოვდა, დაფეთებული წამოდგა, ჩანთას სტაცა ხელი და კარის გაჯახუნებით დატოვა ჩემი საყვარელი ადგილი.
ლიკა ჯანყარაშვილი