„ბოლო დონის, A კლასის არტისტებისთვის ყველა დონის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. გახსნით კონცერტზე, 30 ივლისს კრისტინა აგილერა ჩამოვა“. ამის შესახებ Black sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„პოპ–ვარსკვლავმა თავისი საუკეთესო ჰიტებით გადაწყვიტა სპეციალურად ჩამოფრინდეს საქართველოში და არა რაიმე ტურის ფარგლებში. იგი დაახლოებით 40–კაციანი ჯგუფით მოემგზავრება, მათ შორის არიან მოცეკვავეები, ბენდის წევრები, შოუ იქნება დაუვიწყარი. ქართველ მოსახლეობას და ტურისტებს წელს ექვს ღონისძიებას ვთავაზობთ. აქედან სამი არის საერთაშორისო დონის და დანარჩენი ადგილობრივი.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება. გვაქვს VIP-სივრცეები, 335 ადგილი, სადაც იქნება სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი ადგილები. არქიტექტურა ამფითეატრული ტიპის არის და სადაც არ უნდა დავსხდეთ, სცენის მასშტაბები და 500 კვადრატამდე ეკრანები მაქსიმალურად მისცემს საშუალებას ვიზიტორს,რომ შთამბეჭდავი იყოს კონცერტი.
არქიტექტორები აღნიშნავენ, რომ შენობა მართლაც უნიკალურია. მისი კედლები არის მოძრავი და მნათობი. მნიშვნელოვანია სახურავი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში იხურება და მაქსიმალურად გამჭოლია ცხელ ზაფხულში. გერმანელ არქიტექტორებს არ ეჯერათ თუ ქართველები ასეთი პროექტის განხორციელებას შესძლებდნენ. სცენის კონფიგურაციიდან გამომდინარე არენა 8 ათასიდან 12 ათასამდე ვიზიტორს იტევს. მუდმივად დამონტაჟებულია 6400–ზე მეტი სკამი და პარტერის ნაწილში ადგილების რაოდენობა მერყეობს.არენა რეგიონში იქნება განსაკუთრებული თავისი აღჭურვილობით.
გახმოვანების, განათების, ეკრანების, სცენის ტექნიკის მიმართულებით ყევლაფერი დაკმაყოფილებულია. არენა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, არის სპეციალური ლიფტი,რომელიც სველ წერტილებს ემსახურება. გვაქვს უახლესი ტიპის სამი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. თავად უცხოელებიც გაკვირვებულები არიან იმ შესაძლებლობებით, რითაც ვხვდებით მათ. შესაძლებელია ამ აღჭურვილობის გაქირავებაც, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება,“ – განაცხადა დიმიტრი ბერიძემ.
მანანა ღოღობერიძე