დღეს ვაჟას დაბადების დღეა. ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას, იქვე მდგარ პატარა ქვიტკირის სახლში, 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი – ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი).
ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, რომ დავლათიანი და სახელიანი იქნებაო.
ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედოც ცნობილი მწერლები გახდნენ.
რვა წლის ლუკა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს.
„მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი-ო,” – აღნიშნავს „ჩემს წუთისოფელში” ვაჟა.
თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და 1877 წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა.
1879 წელის სექტემბერს ვაჟა შედის გორის საოსტატო სემინარიაში. არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამოცდებს, მაგრამ შემდეგ დიდი მონდომებით ეკიდება სწავლას.
1883 წლის აგვისტოში, 22 წლის ლუკა რაზიკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და შედის თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.
თუმცა ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა. შ. ფსევდონიმი – ვაჟა-ფშაველა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა: მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში ,,ვაჟა” “კარგ ბიჭს”, ,,ვაჟკაცს” ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილი კი სწორედ ასეთი ყოფილა. მაგალითად, პეტერბურგში ვაჟასა და მის უფროს ძმას, გიორგის ფული სულ გამოლევიათ. შეხვედრიათ ნაცნობი, გერმანელი სტუდენტი, რომელსაც უთქვამს: წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო. წასულან სათამაშოდ. თურმე არც იმ სტუდენტს ჰქონია ფული და საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადაუხდელობის გამო კი მუშტი-კრივი გამართულა. ამ ჩხუბში ვაჟას ცნობილი მოკრივე გაულახავს…
1886 წლის გაზაფხულზე, თავად ამილახვრის ოჯახში ვაჟა-ფშაველას იმავე ოჯახში აღზრდილი თავადის უკანონო შვილი, ძალიან ლამაზი და მაღალი სულიერი თვისებებით გამორჩეული, იმხანად დაქვრივებული ეკატერინე (კეკე) ნებიერიძე შეჰყვარებია და ცოლადაც შეურთავს. თავისებური იყო ვაჟას დაქორწინების ფაქტი. ვაჟა იღებს გადაწყვეტილებას და მის ურყეობაში დარწმუნებული ატყობინებს მამას და ძმებს, დახვდნენ მცხეთაში.
1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას. ,,ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან” არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად. 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.
ეს ფაქტი საკმაოდ დიდი სულიერი ტრავმის მომგვრელი აღმოჩნდა პოეტისთვის, რომელიც ვერასდროს ურიგდებოდა უსამართლობას.
ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში ჯანმრთელობა შეერყა.1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჟვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი.
1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები. იგი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭირო.
როცა თბილისში მოდიოდა, თავის ნაწერებს თურმე ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა ხოლმე და პირველად ილია ჭავჭავაძესთან შეივლიდა – ხურჯინის ,,დასაბერტყად”.
1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. იმ საღამოზე მიურთმევიათ დაფნის გვირგვინი წარწერით – ,,ქართული პოეზიის არწივს”. საღამოს გათავებისას, ვაჟას ორთაჭალის ბარში კარგი სუფრა გაუშალეს, შემდეგ იგი კვლავ ლოგინად ჩაწვა, იტკენდა მარცხენა ფერდს. ვაჟას მკურნალობდა ექიმი და ცნობილი კრიტიკოსი ივანე გომართელი. მისი დასკვნით, პოეტი პლევრიტით იყო ავად. ივანე გომართელის რჩევით, მოიწვიეს ქირურგი გ. მუხაძე, 5 ივნისს გ. მუხაძემ ოპერაცია გაუკეთა ვაჟას და წყალი გამოუშვა. თითქოს უკეთესად იგრძნო მგოსანმა თავი. 14 ივნისს ვაჟა გადაიყვანეს წმ. ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში, ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში. 18 ივნისს ექიმთა კონსილიუმმა დაადგინა, რომ ვაჟას წყალი ჩაუდგა ფერდში. პოეტი ნატრობს მთასა და მთის წყალს. შიო მღვიმელი და სანდრო რაზიკაშვილი თხოვნას უსრულებენ.27 ივლისს დილით პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა. შუადღის შემდეგ ცუდად გახდა. რომელი საათიაო? – უკითხავს. – სამიო, – უპასუხია მოწყალების დას, ანიკო კობიაშვილს. ვაჟას უთხოვია: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო ყვავილები დამაყარეთ, – იქნებ მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო…
საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ აღესრულა ქართველთა სათაყვანებელი პოეტი – ვაჟა ფშაველა. საღამოს რვა საათზე მთელ ქალაქს მოედო თავზარდამცემი ამბავი.
ის დიდუბის პანთეონში ფშაური წესისა და დატირების გარეშე დაკრძალეს. ფშავში კი ,,წესი დაუყენებიათ” და დამარხვის გარეშე დაუტირებიათ: ვაჟას ნაბადი გაშალეს თურმე ეზოში და ზედ მისი ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს…
მომზადებულია http://bit.ly/29AVtgy -ის მიხედვით.
ნატალია ჯალაღონია