გუშინ, მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა, დღეს კი საშეჯიბრო ნაწილი დაიწყო.
ამ დრომდე მძლეოსნები ბირთვის კვრაში, უროს ტყორცნაში, 5 000 მეტრზე სპორტულ სიარულსა და კიდევ რამდენიმე დისციპლინაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. დღეს შეჯიბრებაში მონაწილეობა უკვე მიიღო რამდენიმე ქართველმა მძლეოსანმა. წარმატებით იასპარეზა ბირთვის მკვრელმა ბადრი ქიმაძემ. ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბირთვი 17, 59 მეტრზე სტყორცნა და 30 მძლეოსანს შორის 12 საუკეთესოში მოხვდა. სამწუხაროდ, ხელი მოეცარა მეორე ქართველ ბირთვის მკვრელს გიორგი კეთილაძეს. მის მიერ ნაჩვენები შედეგი (16.73 მეტრი) ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინალური შეჯიბრება ხვალ 17:45 წუთზე გაიმართება.
ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა კიდევ ერთი ქართველი ათლეტისთვის. ამჯერად თავი უროს მტყორცნელმა დავით ოჩიგავამ გამოიჩინა. საკვალიფიკაციო ეტაპზე 26 უროს მტყორცნელი მონაწილეობდა, ფინალში კი 12 საუკეთესო მოხვდა. მან ურო 67.85 მეტრზე მოისროლა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა, რომელიც ხვალ, 15 ივლისს გაიმართება.
,,თბილისი 2016″ 14-17 ივლისის განმავლობაში გაგრძელდება ,,ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მდებარე სტადიონზე, რომელში მონაწილეობასაც 47 ქვეყნის 900-მდე მძლეოსანი მიიღებს, მათ შორის იქნება 12 ქართველი სპორტსმენიც. შეჯიბრებას 130 ადგილობრივი და 20-მდე უცხოელი მსაჯი მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ,,თბილისი 2016“ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაცაა, რადგან, სპორტის დედოფლად წოდებულ სახეობაში კონტინენტის ახალგაზრდული ჩემპიონატი ევროპის მასშტაბით პირველად ტარდება.
ნატალია ჯალაღონია