სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გავლენიან ირანელ სასულიერო პირს – აიათოლა შაჰრისტანს თხოვნით მიმართა, ირანში მცხოვრები გაქრისტიანებული ქართველები არ დასაჯონ.
აღნიშნული თხოვნა უწმინდესმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა, რომელზეც ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა.
„მე მინდა, გთხოვოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან მცხოვრები ქართველები, მოგეხსენებათ, როცა შაჰ-აბასმა წაიყვანა აქედან, მათი წინაპრები იყვნენ ქრისტიანები და ზოგიერთი აქ რომ ჩამოდის, ისევ ქრისტიანობას უბრუნდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დასაჯოთ ისინი, შეიძლება ეს?”, – მიმართა უწმინდესმა აიათოლა შაჰრისტანს.
თავის მხრივ, თხოვნის ადრესატმა უპასუხა, რომ აღნიშნულს გაიზიარებს და ინფორმაციას „ვისაც საჭიროა, მიაწვდის“.
“ეს სახელმწიფოს ეხება, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ აუცილებლად, ამ თხოვნას გავიზიარებთ“, – განაცხადა აიათოლა შაჰრისტანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აიათოლა შაჰრისტანი მეტად გავლენიანი სასულიერო პირია. მისი თქმით, შაჰრისტანის ვიზიტი კავკასიის სივრცეში სამშვიდობო ინიციატივებისა და უწმინდესის მიმართ კეთილი ურთიერთობების დემონსტრირებაა.
20.08.13
Discussion about this post