მოდის სფეროში დღეს ბევრი ქართული სახელი ფიგურირებს, თუმცა, მათგან გამორჩეულად უკვე წლებია, ავთანდილ ცქვიტინიძე წარმატებით მოღვაწეობს. ქართველი ბიჭი, რომელმაც მოდის კეთება საკმაოდ რთულ პერიოდში დაიწყო, გადალახა უმრავი წინაღობა, აყალიბებს თავის განსაკუთრებულ, თვითმყოფად ბრენდს. AVTANDIL – ი მოდის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მილანი და პარიზი, სხვა წამყვანი დიზანერების გვერდით თანაარსებობს და ჯანსაღ კონკურენციას უწევს მათ. ბრენდის კოლექციის დათვალიერებისას იკვეთება ძლიერი, პრეტენზიული, განსხვავებული და თამამი ქალბატონის ხასიათი, რომელსაც დღევანდელი მანდილოსანი იდეალურად ირგებს.
გთავაზობთ მოდის ერთ-ერთ ძლიერ ფიგურასთან, თუმცა, ძალიან თავმდაბალ დიზაინერთან ინტერვიუს:
თქვენს ბრენდზე მოგვიყევით, რა სიახლეებია წელს „ავთანდილში“?
– ზოგადად, ჩვენს კომპანიაში არის სამი ხაზი – Mass Market, Prert – A – Porter, და Looks. სამივე სეგმენტში ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ.
ვემზადებით მეორე ხაზში – “AVTANDIL 73”-ში შემოდგომის ხაზისთვის, რომელიც ჩვენს 5 მაღაზიაშია წარმოდგენილი. “AVTANDIL 73” არის ბრენდი, რომელიც გათვლილია მოდის მოყვარულ გოგონებზე და მათ, ყოველთვის სთავაზობს მუდმივად განახლებად კოლექციებს – ეს კოლექციები ყოველ 2 კვირაში ერთხელ ახლდება და ჩვენს მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს ხოლმე.
რაც შეეხება პირველ ხაზს, მილანის show room – ში უკვე წარმოდგენილია მომავალი ზაფხულის კოლექცია. ასევე, ახლა ვამზადებთ პირველივე ხაზის კოლექციას პარიზის show room – ებისთვის, რომელიც გახლავთ AVTANDIL LOOKS.
ხშირად ხელოვანები, საქმიანობის დასაწყისში, სხვა ხელოვანთა გავლენას განიცდიან ხოლმე. თქვენს შემთხვევაში თუ იყო დიზაინერი, რომელიც გავლენას ახდენდა თქვენს ნამუშევრებზე?
– როდესაც ვიწყებდი, საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მოდელირებაში მე ფერწერიდან მოვედი და ფიზიკურად არავის ზეგავლენა მექნებოდა, იმიტომ, რომ არ იყო ინტერნეტ-სივრცე, არ გვქონდა შუქი, მობილურები, შთაგონების წყაროს ფიზიკურად ვერც ერთი დიზაინერისგან ავიღებდი. რა თქმა უნდა, მცირე ინფორმაცია გვქონდა, თუმცაღა, ჩემი საქმიანობა აბსოლიტურად შემოქმედებაზე იყო აწყობილი.
მოგეხსენებათ, 2000 წლიდან გავხსენი ჩემი პირველი მაღაზია. მანამდე ფაბრიკებთან ვმუშაობდი და როდესაც მივხვდი, შემიძლია ჩემი შევთავაზო, საკმაოდ რთულ, არასასურველ პერიოდში, დავიწყე მოდის კეთება, რამაც ძალიან გაამართლა. შემდეგ ვიხვეწებოდით, ვვითარდებოდით და დღეს ვართ აი ასეთი ბრენდი.
კმაყოფილი ხართ წლევანდელი “Mercedes Benz” – ის მოდის კვირეულით?
– „Mercedes Benz” – ის კვირეული არის ძალიან კარგი საშუალება შენი ნამუშევრების მსოფლიო ბაზარზე წარსადგენად. ეს არ არის უბრალოდ შემოქმედება, რომელიც გარკვეული საზოგადოებისთვის – მხოლოდ მაყურებლისთვის და მომხმარებლისთვის – კეთდება, ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება ნებისმიერი ქართველი დიზაინერისთვის, გაიცნოს საერთაშორისო ბაზარმა და ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია ამ ჩვენებების გახსნა. ყოველთვის არაჩვეულებრივი სტუმრები გვყავს, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, მრავლდებიან და ძალიან მინდა, რომ ასე გაგრძელდეს და რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იყოს, რადგან, ზოგადად, კარგი საქმე კეთდება მთლიანად საქართველოსთვის არა მარტო მოდის სფეროში.
სტუმრებთან დაკავშირებით, წელს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ჰყავდა ჩვენს მოდის კვირეულებს, ხომ არ იყო ეს დემნა გვასალიას – VETEMENS– ით განპირობებული?
– პრესაც აღნიშნავს და მეც დავეთანხმები, რომ ჩვენი თანამემამულეების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენით უფრო ფართო ასპარეზით დაინტერესდნენ. მათ შორის, დევიდ კომას დამსახურებაც არის ასეთი ყურადღება, ინტერესი. მსოფლიო ბაზარზე გაგვიცნეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დემნა გვასალია Balenciaga- ს კრეატიულ დირექტორად აირჩიეს.
როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში, AVTANDIL-ზე უკრაინულმა “Vogue” – მ დაწერა…
– ხომ არის, რომ ადამიანი თავისთვის ინიშნავს რაღაც მნიშვნელოვან ფაქტებს – წლების განმავლობაში, ბევრ საერთაშორისო პრესაში ვიბეჭდებოდი, მაგრამ ჩემთვის პირველი მოვლენა იყო, როდესაც Vogue.com – ზე, ანუ ამერიკულ ვოგში დაიბეჭდა პირველი სტატია და ძალიან საამაყო იყო, რომ კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასება მიიღო კოლექციამ და გაშუქდა სრული ჩვენება. ამას შემდეგ სხვა პრესის წარმომადგენლები მოჰყვნენ და დღეს უკვე AVTANDIL და არა მარტო, ბევრი ქართველი დიზაინერი, სხვადასხვა გამოცემებში შეგვიძლია ვნახოთ და ეს Mercedes Benz” – ის დამსახურებაა.
საერთაშორისო ბაზარზე როგორ მოქმედებს პრესის აქტიურობა?
– საერთაშორისო ბაზარზე ძალიან კარგად მოქმედებს. მართალია, ჯერ მესამე სეზონია, რაც იბეჭდება და მე უკვე რვა წელია წარმოდგენილი ვარ ბაზარზე, გაგვაჩნია ჩვენი ბაერთა ბაზა, მაგრამ სერიოზული პრესა იმის მანიშნებელია, რომ სხვადასხვა ბაერები კონკრეტული დიზაინერით ინტერესდებიან და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი კუთხით. რა თქმა უნდა, ამას კიდევ და კიდევ დრო სჭირდება, მაგრამ ეს ნაბიჯები მხოლოდ დასაფასებელია.
ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვათ. წელს რა ტენდენციები გვაქვს, რას ურჩევდით ქართველ ქალბატონებს და ასევე, თბილისის ქუჩის სტილზე რას ფიქრობთ?
– ქართველი გოგონები ძალიან ინდივიდუალურად უდგებიან მოდას და ეს მისასალმებელია. მოდიდან მხოლოდ იმას ირჩევენ, რომელიც ძალიან უხდებათ და არ ცდილობენ ერთჯერადი ეფექტი მოახდინონ. Mass Market- ის ბრენდი როდესაც გავაკეთეთ, პირდაპირ შევეჯახეთ ამ აქტიურობას და მოთხოვნილებებს მომხმარებელთა მხრიდან. ჩვენ, გარკვეულწილად, Looks- ის სეგმენტზე ვიყავით ორიენტირებულნი, წლების განმავლობაში და პატარა სეგმენტი გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები AVTANDIL – ის ბრენდის მოხმარებაში, რაც მაბედნიერებს.
ტენდენციებს რაც შეეხება, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ინდივიდუალიზმი ძალიან წინ წამოვიდა. მოდაში არის როგორც Over Size ტანსაცმელი, Sport Sheek ანუ ბევრისთვის გაურკვეველი, დიდი ფორმები, რომლის ტარებაც ძალიან ცოტას შეუძლია, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მისდევენ მოდას და ამას ადვილად ითვიდებენ. ასევე, არავინ დაგძრახავთ, თუ გამოყვანილ კაბას ატარებთ კლასიკურ ფეხსაცმელზე, ან გამოყვანილ პიჯაკს. ის სილუეტი, რომელიც თქვენია და კარგად ირგებთ, ყოველთვის მოდაშია.
სხვა ბრენდში თუ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, რომ არ ყოფილიყო AVTANDIL, სხვაგან სად იმუშვებდით, სიამოვნებით?
– როდესაც პატარა ხარ, ყოველთვის გინდა ვიღაცის მფარველობის ქვეშ იყო, ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგად ზრდის შემოქმედს. მე, ამის საშუალება არ მქონდა და თავად მივარტყი თავი ჩემსავე ყველა შეცდომას თუ წარმატებას. დღესდღეობით, სხვაგან არსად ვისურვებდი მუშაობას. იყო პერიოდები, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, Givenchy -ის ან LANVIN- ის სახლში მემუშავა, თუმცა, დღესდღეობით, მიმაჩნია, რომ ჩემი სათქმელი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე სხვის სახლში მუშაობა. ეს ეტაპი გავიარე ისე, რომ სხვა სახლში მუშაობის ბედნიერება წილად არ მხვდა.
ზემოთ ფერწერა ახსენეთ, თქვენს ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა მისი გავლენა…
– დიახ, მე ძალიან მიყვარს ფერწერა. რა თქმა უნდა, ჩემს გონებაში, პირველ რიგში, ფერწერული სილუეტები და ფერთა გამებია, რითიც არის ბრენდი AVTANDIL ცნობილი. არასდროს არ არის ის ერთ გამაში და არასდროს არ არის, ვთქვათ, მონოტონური. ყოველთვის თამამია, ფერებში ყოველთვის რთული გადაწყვეტილებებია მიღებული, მაგრამ ჰარმონიულად, როგორც ფერწერაში. ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი, ჩემს შემოქმედებაში, ფერწერაა, რომელიც, მე ვფიქრობ, უკვე კარგად არის ბრენდზე მორგებული.
თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? ოჯახს დიდ დროს უთმობთ? ყოველთვის განსაკუთრებულად საუბრობთ ხოლმე ხათუნასა და ანასტასიაზე…
– როდესაც მეკითხებიან, რითი ერთობი, ოჯახის გარდა სხვა თემაზე ვეღარ ვფიქრობ. ნებისმიერ ემოციას, ნებისმიერ ადრენალინს ამ ადამიანებთან ურთიერთობით ვიღებ, ერთმანეთს ვავსებთ. ჩემთვის ეს ყველაფერია. ნებისმიერ თავისუფალ თუ არათავისუფალ დროს, ჩემი გონება ამით არის დატვირთული და ნამდვილ სიამოვნებას ამით ვიღებ.
დამწყებ დიზაინერებს რას ურჩევდით?
– ყოველთვის იყვნენ თამამები თავის გადაწყვეტილებებში და არასდროს შეეშინდეთ თავისი თავის წარმოდგენის. სანამ პატარა ხარ, უნდა აკეთო ის, რასაც სული გთხოვს, შემდეგ უკვე ამ „პეპლებს“, დროთა განმავლობაში, ხვეწ. არ შეიძლება 20 წლის ასაკში აკეთო ის, რასაც აკეთებ 40 წლის ასაკში. ასე რომ, მხოლოდ სურვილი და ფინანსები იმისა, რომ აკეთონ ის, რასაც სულიერი მდგომარეობა სთხოვთ.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– ჩვენ მილანის Show Room-იდან დაახლოებით 102 კონცეპტუალურ მაღაზიაში ვართ და დაახლოებით 40 კონცეპტუალურ მაღაზიაში, საფრანგეთში. ფაქტიურად, განვითარების ძალიან დიდ სპექტრს მოვიცავთ. კომპანიის განვითარება ფეხდაფეხ მიდის. გარე ფაქტორები – მსოფლიო პრობლემები თუ სხვა დადებითი რამ, ზოგადად, გავლენას ახდენს. ჩვენ ვაპირებთ, სერიოზულად განვავითაროთ მეორე ხაზი – AVTANDIL 73 და ძალიან კარგი, დაინტერესებული ბაერები გვყავს, რომლებსაც უნდათ სხვადასხვა ქვეყანაში განავითარონ ეს მეორე ხაზი. დაველოდოთ დროს, მთელ მსოფლიოში არ არის მარტივი მდგომარეობა.
ჩქარი მოდა მთელ მსოფლიოშიმოთხოვნადი ხდება, ასე რომ, ვნახოთ, რა მომავალი ექნება 73-ს. მთავარია, ვიმუშაოთ, სწორი კოლექციები ვაკეთოთ, ის რასაც დღეს საკმაოდ პრეტენზიული ქალბატონი ითხოვს.
მარიამ ტაკაშვილი