გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტი მედიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვდა.
მარგველაშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფოტრმაცია
პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია გასაკვირი არ ღამოჩნდა, რადგან, მისი განმარტებით, ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრის სახლი ყოველგვარი სასამართლო დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს. მისი თქმით, ეს იყო ზეწოლა მისი ოჯახის წევრზე. პრეზიდენტის შეფასებით, არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა. ოჯახის წევრის ვინაობა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
“სამწუხაროდ მინდა მოგახსენოთ, რომ მე ამ ფაქტებმა არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია რეალურად. აქედან გამომდინარე, რაც მე მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის. მე კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხ გაცემული.
“კორცხელის შემთხვევა, მე იმაზეც ვისაუბრე, რომ მისცემს გარკვეულ ტენდეციებს და ბიძგებს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პროცესში, იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ჩვენ უნდა ძალიან ნათელი პასუხი გავცეთ, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ, აგრეთვე ჩნდება ტენდეციები უფრო დაბალ დონეზე რაღაცა კავშირების ჩამოყალიბების,“ – აცხადებს მარგველაშვილი.
პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის შეხვდება პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა არჩევნების პროცესი იყო სამართლებრივი, მშვიდი და დემოკრატიული.