თავდაცვის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. მათ შესახებ მედიას ინფორმაციას თავად უწყების ახალმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ მიაწოდა.
როგორც იზორიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, მისი პირველი მოადგილის თანამდებობას ლელა ჩიქოვანი, მოადგილის კი ნუკრი გელაშვილი დაიკავებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლელა ჩიქოვანს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება უსაფრთხოების სექტორში მოღვაწეობის, პირველ რიგში კი თავდაცვის უწყების ფარგლებში.
„კერძოდ, მას 18 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. იყო სამხედრო ატაშე 2006-2008 წლებში ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში. მისი მოღვაწეობის შედეგად ლიტვის მთავრობამ ის დააჯილდოვა ღირსების ორდენით. 2008-2010 წლებში იყო სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში და მის სახელს უკავშირდება არაერთი რეფორმა, რომელიც აშშ-სთან ერთად განხორციელდა. ბოლო პერიოდში შს სამინისტროში ადმინისტრაციას ხემძღვანელობდა, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო უსაფრთხოების სამსახურში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“, – განაცხადა იზორიამ.
რაც შეხება მეორე მოადგილეს, ნუკრი გელაშვილს, იზორიას განცხადებით, მანამდე ის მუშაობდა შს სამინისტროს აკადემიის რექტორად.
„მე ნუკრის წლებია ვიცნობ. 2004-2006 წლებში, როდესაც მე გახლდით შს აკადემიის რექტორი, მასთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად განვახორციელეთ ის მნიშვნეელოვანი რეფორმა, რომელიც უკავშირდება საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბებას და ამით ჩვენ ორივე ვამაყობთ. დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან რეფორმებს ერთად გავატარებთ თავდაცვის სამინისტროში“, – განაცხადა იზორიამ.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ნუკრი გელაშვილი იყო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში საპასუხისმგებლო პოზიციებზეც, ხოლო 2012 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს აკადემიას.
მინისტრის განცხადებით, როდესაც ის თავდაცვის სამინისტროში მივიდა, ორი მოადგილე დახვდა.
„მათთან მქონდა კონსტრუქციული საუბარი. დავუფასე მათ გაწეული საქმიანობა. მოკლედ მომაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე საკითხებზე და პრობლემებზე. ძალიან ცივილიზებულად და კარგად დავშორდით ერთმანეთს“, -აღნიშნა იზორიამ.