განმუხურში დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის – „შემოსაზღვრე საქართველო“ მესამე ეტაპი განხორციელდება.
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათიდან რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ვაჟა-ფშაველას 155 წლისთავთან დაკავშირებით, მწერალი მიხო მოსულიშვილი ვაჟა-ფშაველას შესახებ ლექციას წაიკითხავს. კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ქართველი მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ისაუბრებს. დაგეგმილია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ ჩვენება, რომლის სცენარისტთან, მწერალ გურამ მეგრელიშვილთან ერთად დისკუსია მოეწყობა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა გამოფენები ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა. ღონისძიებები შემაჯამებელი კონცერტით დასრულდება, რომელშიც ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებებს განმუხურში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისადმი ყურადღება და მზრუნველობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაში, რომლებიც აღნიშნული რეგიონების მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.
17 ივნისიდან – 23 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,შემოსაზღვრე საქართველო”, რომლის ფარგლებშიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში (რუხი, დიცი, განმუხური და ნიქოზი ),არაერთი ღონისძიება გაიმართა.