“ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ პროპაგანდას, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ასეთი დანაშაულები არ უნდა რჩებოდეს დაუსჯელი მიუხედავად იმისა, ქვეყანა დიდია თუ პატარა.
„მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ, სუპერ სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება ეს დანაშაული დაუსჯელი დარჩეს. თუმცა, მე ვფიქრობ, 8 აგვისტოს მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია და ეს ერთგვარად ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს, დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად სწორედ 8 აგვისტოს გამოც უარს ვეტყვით ერთხელ და სამუდამოდ ოკუპაციას იქ, სადაც შეგვიძლია ამაზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა. ყველაზე მარტივი გზა ამისთვის არის სწორედ საარჩევნო ყუთები, სადაც ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ პროპაგანდას, იმ ძალებს, რომლებიც დღესაც ბედავენ და გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ გავაბრაზეთ რუსეთი, თორემ არაფერი მოხდებოდა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აგვისტოს ომის გამოძიებაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თავის ლოგიკურ შედეგს იპოვის.