პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტრის განცხადებაში.
“საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედია საშუალებას.
თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ”, – ნათქვამმია განცხადებაში.
ინტერნეტსივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. საუბრის დროს ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს საყვედურობს, რომ „გირჩის“ წევრები ღიად საუბრობენ „ქართულ ოცნებასთნ“ თანამშრომლობაზე, რაც მისთვის მიუღებელია.
„ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის „გირჩის”, ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა – აბა, რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო. ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა. ივანიშვილთან ყოფნა, ვისაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ყავს და ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად „ახევას “ უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თავს განიხილავს, იმ ადამიანებთან ერთად მე არა მაქვს გზა, ეს უკვე ჩემი არჩევანია“,-აცხადებს ნიკა გვარამია.
პაატა ბურჭულაძე ნიკა გვარამიას საქმის ვითარებაში გარკვევას პირდება და ამბობს, რომ „მსგავსი არაფერი არ ხდება“.