წელს უკვე მეორედ, თბილისში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი ტარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ყოველი დღე დატვირთული იქნება განსხვავებული ღონისძიებებით – გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.
კვირეულში მონაწილეობს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი, მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“. გამოფენა დამთვალიერებლებს წარმოდგენას უქმნის მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე.
„მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციას უყრის საფუძველს: ამიერიდან, ჩვენი დედაქალაქი მსოფლიოს წამყვან ქალაქებს შეუერთდება, რომელთაც ანალოგიური ფესტივალების ჩატარების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.
ფესტივალის მიზანია ერთის მხრივ ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, ასევე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების დაახლოებას.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი – საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.
ფესტივალის ლოგოზე გამოსახულია ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში – „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“, რომელიც შთაგონებულია დმანისში აღმოჩენილი ჰომონინის რეკონსტრუქციით.
ფესტივალის ლოგო განასახიერებს მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას უხსოვარი დროიდან დღემდე. „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“ გვახსენებს, რომ მეცნიერება და ინოვაცია ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.