დღეს საქართველოში ხელისუფლებას არანაირი მედია არ აქვს საკუთრებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში მედია უფრო თავისუფალია, ვიდრე იტალიაში, უნგრეთში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაში.
„საქართველო 2012 წლამდე მედია თავისუფლების მიხედვით 104-ე ადგილზე იყო. ხელისუფლებას დღეს არანაირი მედიის საკუთრება არ აქვს, არავითარი ზემდეტი გავლენა არ აქვს. ერთადერთი საკუთარი მედია, რომელიც თავისუფალი არ არის, ყავს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას”. არამარტო „რუსთავი 2“, კიდევ არიან სხვები, მაგალითად „ტაბულა”. შედარებისთვის, გაცილებით უფრო რბილია „ტაბულა“, „რუსთავი 2“ აბსოლუტურად აგრესიულად „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწევა, რომელიც მოგეხსენებათ, სიცრუზეა დაფუძნებული. რა იყო მედიის მხრივ, ესეც გავიხსენოთ საქართველოში. მახსოვს, ჩემს პირველ წერილშივე მოვიხსენიებდი, რომ მედია ტოტალურად არის მთავრობის ხელში და კონტროლდება სააკაშვილის მიერ. ორი ფსევდო ტელევიზია დავასახელე მაშინ, ძალიან აგრესიული განცხადებები გააკეთეს „კავკასიამაც“ და „მაესტრომაც“. „მაესტრომ“ მოახერხა თავის დახსნა და „კავკასია“ კეკლუცობს. წინა ხელისუფლების წევრები აჩვენებდნენ უცხოეთს, რომ აქ არის ოპოზიციური ტელევიზია, მაგრამ აბა, გაიხსენეთ 26 მაისის წინ როგორ იქცეოდა „მაესტრო”, გადააჭარბა „იმედსაც” და „რუსთავი 2“ -საც, ისე მაგრად დაუდგა ხელისუფლებას”, – განაცხადა ბიძინა ივნიაშვილმა.