„პროცესები მიმდინარეობდა ლოგიკურად და არანაირი გაჭიანურება არ ყოფილა. მტკიცებულებების წარდგენა ამოვწურეთ და ამიტომ ახლა დადგა განაჩენი“. ამის შესახებ ვალერი გელაშვილის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა „ღამის კონტაქტის“ ეთერში ისაუბრა.
„ერთ–ერთი ყველაზე რთული საქმე იყო და განხილვას სხდომებზე რამდენიმე თვე დასჭირდა. დაიკითხა არა ერთი პირი, გამოკვლეული იქნა ვიდეომასალა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
იმ რვა პირმა, რომლებმაც განახორციელეს ვალერი გელაშვილზე თავდასხმა და დააზიანეს მისი ავტომობილი, ითაამშრომლეს გამოძიებასთან. მათი ჩვენებებით პასუხისგებაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები. ამის გამო მათ მიმართ გამოყენებული იქნა სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარის თქმის მექანიზმი. უმეტესმა მათგანმა არც კი იცოდა რა ღონისძიებაზე მიდიოდნენ. ამის შესახებ ტელევიზიით გაიგეს. ისინი სხვა თანამდებობის პირებმა უბრალოდ ბოროტად გამოიყენეს.
ეს თავდასხმა დაიგეგმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, შავნაბადას რეზიდენციაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი. სააკაშვილმა უშუალოდ ოქრუაშვილს დაავალა ამ თავდასხმის შესრულება, თუმცა რამდენიმე დღეში ოქრუაშვილმა უარი განაცხადა. სწორედ ამის შემდეგ სააკაშვილმა დავალება მერაბიშვილს გადააბარა. შემდეგ საქმეში სპეციალური ოპერატიული დანაყოფები ჩაერთო ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით. მან ფარული მეთვალყურეობის სამმართველოს დაავალა რომ თვალთვალი განეხორციელებინათ ვალერი გელაშვილზე. ასევე ჩაერთო საქმეში სპეც–რაზმი, მათი დავალება იყო ეცემათ დეპუტატი და წამოეღოთ ნივთები.
მოწმეთა ჩვენებებს ადევს გრიფით საიდუმლო. გასაიდუმლოებულია იმ პირების ჩვენებები,რომლებიც უშუალოდ თვალთვალს ახორციელებდნენ. ამ ჩვენებებში აღწერილი იყო რა გზებით ხორციელდება ოპერატიული თვალთვალი და დასახელებული იყო ისეთი ობიექტების მდებარეობა,რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. ის ფაქტი,რომ ვალერი გელაშვილზე ხორციელდებოდა ფარული თვალთვალი არაერთმა მოწმემ დაადასტურა.
ირაკლი ოქრუაშვილს პირდაპირ ეთერშიც აქვს ნათქვამი,რმ ვალერი გელაშვილზე თავდასხმა იყ ომერაბიშვილის და სააკაშვილის ორგანიზებული. იმ პერიოდში ეს პირები თანამდებობაზე იმყოფებოდნენ და არანაირი ანგარიშსწორების მექანიზმები ოქრუაშვილს არ გააჩნდა. მას შემდეგ, რაც ეს განცხადება გააკეთა, ის გაურკვეველი მიზეზით დააკავეს,“–განაცხადა პროკურორმა ტყეშელაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე