„ეს მოთარეშეების ბანდა როგორც ჩანს გეგმავს დიდ შეთქმულებას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩემთვის ეს ასეა 2003 წლის ავდსახსენებელი ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული დღემდე. მთავარი ბანდიტი გახიზნულია ამ ქვეყნიდან, ცხრა მთას იქითაა გადახვეწილი“. მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ფარული ვიდეომასალის შესახებ „თავისუფალი დემოკარტების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში საუბრობს.
„ტრაფარეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ავთენტურობა უნდა დადასტურდეს, ფორმალურად ასეც არის. იმედი მაქვს, რომ პროკურატურაში ან სუს-ში ამ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენით უკვე დაკავებულები არიან და თავს დაანებებენ წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობას. თუმცა თითქმის მთელი საქართველოსთვის ეს ფაქტი უტყუარია. რა არის ამაში ახალი, რაც აქამდე არ გაგვიგია. რაც უნდა იძახო, რომ არ არის ავთენტური, შეთხზეს, ეს ასეა და ამაში ეჭვი არ შემაქვს. ვისაც ამის ავთენტურობის არ სჯერა, ოდესიდან სოლოლაკის ქედამდე გათხრილ გვირაბში უნდა შეყარო და ამოუქოლო შესასვლელი აქედან და იქედან.
მათ ფაქტობრივად აღიარეს,რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მათ შორის ჩვენთან, „თავისუფალ დემოკრატებთან“. ეტყობა „ნაციონალური მოძრაობა“ მანიაკალიზმის ახალ ფორმაზე გადავიდა. ოთხი წლის წინ იყო უკანალში ცოცხი, ახლა არის უკანალში ჯოხი. ამას მე არ ვიგონებ, ბატონი ცისკარიშვილი ამბობს ამას პირდაპირ. ბატონი ბობოხიძე ამბობს, რომ ერთი სახელმწიფო გადატრიალება სამხედრო გზით მოწყობილი აქვს და მეორესაც ჩაიდენს, ეს არ არის მისთვის პრობლემა.
„ქართულ ოცნებას“ ნაციონალური მოძრაობა ბოსტანში ჩარჭობილ საფრთხობელად სჭირდება,რომ ყვავები შეაშინოს. ამიტომ გვინდა მოვარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე და ადამიანებს ახალი იდეები შევთავაზოთ. ამ ადამიანებს, ამ ავაზაკებს რომ არ მიეჩინათ თავისი ადგილი, ეს თავიდან ბოლომდე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია.
ჩვენი საარჩევნო კოდექსი იძლევა საშუალებას,რომ საქართველოს პროკურატურამ მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამ ადამიანების, ამ ნაძირლების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაც და საარჩევნო პროცესიდან მოშორებაც.
მე არ მიღირს პოლიტიკაში გატარებული არც ერთი წამი ჩემი ქვეყნის უბედურებად. მე ასე არ მიცხოვრია, რომ ადამიანებს დავემუქრო ჯოხით უკანალში. ღმერთმა დამიფაროს. მე არ ვარ მანიაკი და არც მანიაკების პარტიაში ვმოღვაწეობ უკვე მერვე წელია. არასდროს ჩვენი პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის ინტერესის წინ არ დაგვიყენებია“-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე