მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს, კონკრეტულად ერთ კონკურენტს დაუჯდეს დებატებში.
ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს, თუმცა ამბობს, რომ იმ კონკრეტულ პიროვნებასთან დაჯდომა არ არის მისი საკადრისი.
„რატომ უნდა დავუჯდე ერთ კონკურენტს და არა სხვებს, რატო უნდა დაუჯდეს ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი “მხედრიონელს”, რატომ უნდა დაუჯდეს კრიმინალს? რატომ უნდა დაუჯდეს კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ მეთაურს? რატომ უნდა დაუჯდეს მთაწმინდის გამანადგურებელს? რაზე უნდა ვესაუბრო მას? ევროპაზე, როცა თვითონ არ ესმის ევროპულობა, რაზე უნდა ველაპარაკო, ადამიანობაზე, როცა ამდენი ადამიანი ემსხვერპლა ამათ რეჟიმს. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება არის შეუცვლელი და არ შეიცვლება. ამ კამპანიის ბოლოს, მე არ მჭირდება მასთან საუბარი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია„ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ სალომე ზურაბიშვილი დებატებში გამოიწვია.