„ფარული ჩანაწერების ცვენა ყოველთვის იყო წინასაარჩევნო პროცესის თანმხლები სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს გრძელდება არაფორმალური მმართველის პირობებშიც. ეს არის სპეცსამსახურების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი პრაქტიკა“. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „შეკითხვის დროში“ ისაუბრა.
„მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი,რომ იგივე პიროვნებები არიან ჩართულნი ამ საქმეში,რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს. გული მწყდება,რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ვერ განვითარდნენ იქმადე მაინც,რომ რაღაც ეჭვი მტკიცებულებად აქციონ. ის, რაც გავრცელდა თუ რეალურია, მათ ეს უნდა გაეკეთებინათ ოფიციალურად და საზოგადოებისთვის მტკიცებითად ეჩვენებინათ. აქ ჩანს მათი არაპროფესიონალიზმი. ეს არის იგივე ხელწერა, რაც ადეიშვილის და ივანიშვილის დროს იყო. 8 ოქტომბრის შემდეგ კარგად მინდა შევისწავლო ამ საგამოძიებო მოქმედებების წარმომავლობა. თუ კი ეს უბრალოდ წლების განმავლობაში დამალული იარაღის ამოღებაა, ამ ხელისუფლების დისკრედიტაციაა, რომ ამ ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული უპატრონოდ.
ყველას მოვუწოდებ არ გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. 2012 წელს პრაქტიკულად ჩატარდა რეფერენდუმი ძალადობის წინააღმდეგ. დღეს ასევე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და დარწმუნებული ვარ,რომ ქართული საზოგადოება მხარს მომავლის ხედვას დაუჭერს და არა წარსულს. კვლევებს არ ვენდობი, ტელეკომპანია „იმედი“ წერს „ქართული ოცნების“ ოცნებებს, „რუსთავი-2“ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებებს“.
ირაკლი ალასანიამ საქართველოში რომის პაპის ვიზიტიც შეაფასა.
„მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ადამიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში დევნილთა პრობლემაზე და ეს მნიშვნელოვანია, ვიზიტი შედგა“.
მანანა ღოღობერიძე