„ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო თბილისიდან და ნებადართული იყო კახი კალაძის ცოლის ძმის მიერ. ამ ყველაფრის გარანტორი არის კახი კალაძის ცოლის ძმა,რომელიც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა გორში, შეხვდა ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ახლადგამოსულები არიან ციხიდან და თხოვდა მათგან ეგრედწოდებული ქუჩის პალაჟენიის დაყენებას ითხოვდა“. გორში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე გორის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„დიდ კოჰორტასთან გვაქვს საქმე. არის ვინმე ყურშა, არის ვინმე ბარკალა, ეს ადამაინები არიან ჩართულნი საარჩევნო პროცესში. გორი პატარა ქალაქია და ამ ადამიანებთან კომუნიკაცია მეც მაქვს. ისინი მოდიან და ამ ყველაფერს ბუნებრივია მიყვებიან. ვარაუდებს ვერ დავიწყენ, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, რატომ არის ზოგადად ვექტორი „ქართული ოცნებისკენ“, რატომ კახი კალაძისკენ, ბოლი არ ამოდის უმიზნოდ არც ერთი საკვამურიდან. „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნუცუბიძე თან ახლდა ეგრედწოდებულ კრიმინალს, მან შემოგზავნა, შეაგულიანა იმისთვის,რმ ჩვენთვის აერია. ასეთი ადამიანები ძალიან გააქტიურებულები არიან ბოლო პერიოდში, გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა. მათ აძლევენ გარანტიებს, რომ პოლიცია მათ მიმართ გადამჭრელ ზომებს არ მიიღებს,თუ ისინი დაეხმარებიან სახელისუფლებო კაპიტალს.
დაკითხვა იყო ჩვეულებრივი იურიდიული ფორმალობა, პოლიციაში ჩემი დაცვის ერთ–ერთი წევრიც იმყოფებოდა. გამოძიება დაინტერესებულია კონკრეტული ფაქტების და შემთხვევის მოტივის დადგენით. დაკითხვა გვიან ღამით დასრულდა, თუმცა გამოკვეთილი შედეგები ჯერჯერობით არ გვაქვს.
ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება იყო საკმაოდ ცინიკური, უპასუხისმგებლო და ამაზრზენი. ფაქტი დაახლოებით ხუთი საათისთვის მოხდა, ორმოც წუთში დაჭრილები უკვე მივიყვანეთ საავადმყოფოში. ერთი საათის განმავლობაში არც ერთ ადამიანს „ქართული ოცნებიდან“ არ გასჩენია ინტერესი, არც სატელეფონო ზარი განუხორციელებია იმის გასაგებად, თუ რა მოხდა, რამე ხომ არ გვიჭირდა.ნაცვლად ამისა გამოდის კობახიძე და გამზადებულ ვერსიას გვთავაზობს,რომ ოქრუაშვილი ყველაფერ ამას პოლიტიკურ სარჩულს დაუდებს. გულთმისანია, მკითხავია, თუ რა იცოდა მან მე პოლიტიკურ სარჩულს დავუდებდი თუ არ დავუდებდი. შესაძლოა საერთოდ არ ვაპირებდი არაფრის თქმას. რა იცოდა მან ჩემს განცხადებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე,რას ვიტყოდი .
ეს ბრალდებები ჰაერიდან არ მომაქვს. თქვენ ვერ გაიხსენებთ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთ ჩემს კრიტიკულ გამონათქვამს, ვერც ერთ აუგ ნათქვამს „ქართულ ოცნებაზე“. ზოგი ლიდერის მხრიდან ჩემს მიმართ უმადურობასთან გვაქვს საქმე. ჩემნაირი კატეგორიის ადამიანს,რომ მტრად იკიდებენ და აღიზიანებენ ამას უგნურის გარდა ვერავინ გააკეთებდა. მე მათ არ ვებრძვი იმ არეალზე, რომელსაც პარტიული კონკურენცია ქვია. მათ არ ვებრძვი არც მაჟორიტარულად, პიროვნული კანდიდატის დონეზე. მათი კანდიდატი არანაირი კონკურენციის გამწევი არ არის, სასაცილო კომიკური პერსონაჟია.
მე კინკლაობას არ ვაპირებ. მოთმინება ვისწავლე მათი ლიდერისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც მოთმინების საოცარი უნარი გააჩნია. არც ეხლა ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, ხომ არ დამიწყია აჟიტირება,რომ ჩემი მოკვლა უნდოდა ვინმეს, არც იურიდიულ კინკლაობაში შევალ პროკურატურასთან, თუ რატომ არის საქმე აღძრული 117–ე მუხლით და არა 109–ე მუხლით. არ მაინტერესებს მე ეს პოლიტიკა, მთავარია რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, კრიმინალების ხელში არ იყოს ჩაგდებული ქვეყნის სადავეები. მე შინაგანი შეუთავსებლობა გამაჩნია ამ ადამიანებთან და ბუნებრივია ვიბრძვი ამ ყველაფრის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე