„საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში ერთი კაცის ნაკლებობა არ არის დამაბრკოლებელი გარემოება მოსამართლის არჩევისთვის. სასამართლო პარლამენტს ვერც დაელოდებოდა, რადგან არც მომდევნო ერთ თვეში არ იქნებოდა არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრი“–ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „რუსთავი–2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„პრობლემა იქნებოდა თუ პლენუმის სხდომას ხუთ წევრზე მეტი არ დაესწრებოდა. მნიშვნელოვანია ასევე ის,რომ მოსამართლეებს კონსულტაციებისთვის აქვთ ორკვირიანი ვადა და თუ დღეს მოხდებოდა თავმჯდომარის არჩევა, ეს უფლება უგულებელყოფილი იქნებოდა. კარგია,რომ სასამართლომ ეს ვითარება გაითვალისწინა, სხდომა არ შედგა და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
რაც შეეხება „რუსთავი–2“–ის საქმეს, იმედი მაქვს სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას,რომელიც სასამართლოს შინაგან რწმენასთან იქნება ახლოს. თუმცა ცხადია კითხვის ნიშნებს აჩენს ის პროცესები,რომლებიც სასამართლოში ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა. ეს რა თქმა უნდა იძლევა სკეპტიციზმის საფუძველს.
ირონიულია,როდესაც იუსტიციის მინისტრი საუბრობს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე იმ პირობებში,როდესაც ჩვენ ვხედავთ საერთო სასამართლოების პირობებს. იუსტიციის სამინისტრო და მოქმედი ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ჩარევას სასამართლოს დამოუკიდებელ საქმიანობაში. გვახსოვს იუსტიციის მინისტრის არაკორექტული გამონათქვამები,რომლებიც არ შეესაბამებოდა ხელისუფების დანაწილების პრინციპს. ასევე რასაკვირველია გვახსოვს ბოლო პერიოდის მოვლენები საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა იუსტიციის მინისტრის ვერსია ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა, შემდეგ ზოგიერთი პრობლემა გამოსწორდა,“–განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მანანა ღოღობერიძე