მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი გახდა. პრემია მას მემარცხენე-რადიკალურ დაჯგუფება “კოლუმბიის რევოლუციურ-შეიარაღებულ ძალებთან” (“ფარკი”) მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულებისთვის გადაცეა.
“კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებსა” (“ფარკი”) და კოლუმბიის ხელისუფლებას შორის შეთანხმება ოთხწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, სექტემბრის ბოლოს გაფორმდა. დოკუმენტს კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა და ამბოხებულთა ლიდერმა ტიმოლეონ ხიმენესმა მოაწერეს ხელი. 27 სექტემბერს ხიმენესმა ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც ამბოხბეულსა და სამთავრობო ძალებს შორის 52-წლიანი ომის შედეგად დაზარალდა და ყველა მსხვერპლს კომპენსაციას დაპირდა. ამისათვის დაჯგუფებამ თანხმობა განაცხადა ყველა აქტივი სახელმწიფოსთვის გადაეცა. ხელისუფლების მონაცემებით, ამბოხებულები მიწის დიდ ნაკვეთებს, ფერმებს, სამშენებლო კომპანიებსა და მაღაზიებს ფლობენ.
სამშვიდობო შეთანხმების მიხდვით, “ფარკი” უარს ამბობს შეიარაღებულ ბრძოლაზე და პოლიტიკური პარტია გახდება, რომელიც 2018 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, შეთანხმება ამბოხებულებისთვის ამნისტიას ითვალისწინებს
კოლუმბიის მთავრობასა და ამბოხებულებს შორის ნახევარსაუკუნოვან კონფლიქტს 220 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანმა კი საცხოვრებელი სახლი მიატოვა. დაჯგუფებამ “კოლუმბიის რევოლუციურმა შეიარაღებულმა ძალებმა” კოლუმბიის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა 1964 წელს დაიწყო.