მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სიძულვილის დასასრული და სიყვარულზე, ნათელ მომავალზე, აგუგუნებულ საქართველოს ნათელ მომავალზე, გაფერადებულ, სიყვარულზე აგებულ ქვეყანაზე დაფუძნებული გამარჯვება, რომელიც ჩვენი ყველა მოქალაქის გამარჯვებაა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას წარმატებით ჩატარებული არჩევნები მიულოცა, რაც ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის დიდ გამარჯვებად შეაფასა.
„ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ჩვენი სახელმწიფოს ეს უდიდესი გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება! ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული, გილოცავთ და გიხდით დიდ მადლობას! დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას პასუხი: არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება? რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დიდი მხარდაჭერა გამოხატა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია,“ – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაური „ქართული ოცნების“ დღევანდელ გამარჯვებას 2012 წლის 1 ოქტომბრის გამოძახილად მიიჩნევს და თითოეული მხარდამჭერის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის.
„დღევანდელი გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯვების, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი როლისთვის საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მინდა ყველა მხარდამჭერს ვთხოვო, მოთმინებით დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლითაც საბოლოოდ გამყარდება „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი უპირატესობით მოგება. საქართველოს მოსახლეობას ვპირდებით , რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აღმშენებლობის მომავალი ოთხი წელი და გაგრძელდება ის დიდი საქმეები, რომლებიც დავიწყეთ,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.