„წინასწარ ვსაუბრობდით, რომ ვგეგმავდით დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. ამ არჩევნებში ჩვენ აქცენტს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობაზე ვაკეთებდით და პრინციპულად ეს მიზანი მიღწეულია. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა“. ამის შესახებ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„ ჩვენ ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის გავითარებაზე. დაახლოებით ოლქების ორ მესამედში გვიწევს მეორე ტური. ამასაც ველოდით და ეს დემოკრატიის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.
გაქრობაზე არ გვისაუბრია, ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდეგ აღარ იქნებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა. ეს ამოცანა ნაწილობრივ არის შესრულებული. 150 კაციან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება წარმოდგენილი 27 დეპუტატით და ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო მარგინალიზაციის დასაწყისი.
შემაშფოთებელია, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველთა ხმების 27 %–ს იღებს. ეს არსებითად არის დაუბალანსებელი მედია–გარემოს შედეგი. თავის საკუთრებაში აქვს ყველაზე გავლენიანი მედია, რომელზეც მიმდინარეობს ტოტალური პროპაგანდა. არჩევნების შედეგებში არსებითი როლი „რუსთავი–2“–ის ფაქტორმა შეასრულა. მათ კარგად იცოდნენ რა მხარდაჭერა ჰქონდათ, რა სურათი იყო ქვეყანაში, როგორი რეიტინგები ჰქონდათ. ბოიკოტის გამოცხადება იქნება მორიგი უსუსური შეცდომა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ჩვენ არ გვაინტერესებს ისინი ასე გადაწყვეტენ თუ ისე, საბოლოოდ თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში მხოლოდ და მხოლო დემოკრატიული პროცესების განვითარებას წაადგება.
ჩვენს მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენ გვექნება ერთპიროვნულად საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. ერთადერთი რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება ინიცირება წარდგენილი, არის ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილება.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს. ამ გუნდში არიან ადამიანები,რომლებიც სიმპატიას იწვევენ, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ,რომ მათთან თანამშრომლობა გაგრძელდეს,“–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანანა ღოღობერიძე