საქართველოში დასქმება ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად რჩება. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ცდილობს იპოვოს სასურველი ვაკანსია ინტერნეტის მეშვეობით. ჩვენს ქვეყანაში არაერთი საიტია, რომელიც მომხმარებელსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს. საკმაოდ რთულია იმ სტატისტიკის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი საქმდება საიტზე განთავსებული ვაკანსიების მეშვეობით. მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევრობას უჩივის. ყოველწლიურად უნივერსიტეტდამთავრებულთა დიდი ნაკადიც უერთდება მათ რიცხვს.
ხშირ შემთხვევაში ვაკანსიის საიტზე განთავსება მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ამ დროს უკვე შერჩეული ჰყავთ კანდიდატი. ამ ყველაფერს დაუსრულებელ პრობლემამდე და მუდმივად აქტუალურ საკითხამდე, ნეპოტიზმამდე მივყავართ. ეს კი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ვხედავთ სკოლის მერხიდან დასაქმებულ ჟურნალისტებს, იურისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს და სხვადასხვა პროფესიის გამოუცდელ ახალგაზრდებს. თუმცა ეს საკითხი განკერძოებული განსჯის საგანია. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვაკანსიების მეშვეობით არაერთი ახალგაზრდა საქმდება.
„თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა ორ ყველაზე პოპულარულ საიტს – hr.ge-ს და jobs.ge-ს. ეს ორი კომპანია ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე წამყვანია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ jobs.ge-ს ოფიციალურმა დირექტორმა დროის უქონლობის გამო უარი თქვა თანამშრომლობაზე.
საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე საინტერესოა რამდენი ადამიანი საქმდება ვაკანსიების მეშვეობით, რომელია ყველაზე მოთხოვნადი დასაქმების სფერო? ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ დასაქმების სააგენტო ეიჩარის რეგიონალურ მენეჯერს, ინგა შახბაზიანს ესაუბრა.
როდიდან არსებობს თქვენი საიტი, როგორია მისია ისტორია მოკლედ, რომ მომიყვეთ?
– 2006 წლიდან არის ჩვენი საიტი ბაზარზე და ჩვენი მთავარი მისიაა დავეხმაროთ კომპანიებს საუკეთესო კადრების მოძიებაში, ხოლო მათ ვინც ეძებს სამსახურს დავეხმაროთ შესაფერისი ვაკანსიების მოძიებაში.
2015-2016 წლებში ორგანიზაციამ შექმენა კიდევ რამოდენიმე საიტი, რომელიც არის განკუთვნილი სხვადასხვა სფეროებისთვის:
www.CV.ge – ამ საიტზე თავსდება მასიური პოზიციები
www.Career.ge – თავსდება მასიური პოზიციები
www.Doctor.ge – თავსდება მხოლოდ სამედიცინო სფეროს ვაკანსიები
www.Chefs.ge – თავსდება HoReCa-ს სფეროს ვაკანსიები (სასტუმროსა და კვების ინდუქტირიის ვაკანსიები)
www.Bankers.ge – საბანკო და საფინაანსო სფეროს ვაკანსიები
www.Course.ge – სტუდენტური ვაკანსიები, სტაჟირებები, ტრენინგები
www.Tenderer.ge – ტენდერებისთვის განკუთვნილი საიტი
რომელია ყველაზე მოთხოვნადი დასაქმების სფერო და როგორ ფიქრობთ რატომ?
– ყველაზე მეტი ვაკანსია ძირითადად თავსდება გაყიდვების მიმართულებით (დაახლოებით 21 %)
რამდენ ხანში ხდება განაცხადების განახლება?
– ვაკანსიის განახლება არის დამოკიდებული კომპანიაზე. თუ კომპანია ვერ ახერხებს ამა თუ იმ პოზიციის შევსებას, რათქმაუნდა ის ანახლებს და ახლიდან ცდილობს მიიღოს გამოხმაურება, შეარჩიოს კადრი.
რამდენი ადამიანი საქმდება თქვენი ვაკანსიების მეშვეობით ყოველთვიურად, როგორია სტატისტიკა?
– სამწუხაროდ ამის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. თვის მანძილზე დაახლოებით 3000-4000 ვაკანსია თავსდება საიტზე.
კონკურენციაზე რას მეტყვთ, თვლით, რომ გყავთ კონკურენტი?
– კონკურენცია არის ყველა სფეროში და ეს პირიქით ძალიან კარგია, რადგან გვაძლევს მეტ სტიმულს გავხდეთ უკეთესები. თუმცა ბაზარს ვთავაზობთ ისეთ პროდუქტებსაც (ყველაზე დიდი CV-ების ბაზა; მობილური აპლიკაციები), რომელშიც არ გვყავს კონკურენტი.
ფასიანია თუ არა საიტზე განცხადების განთავსება (რა ღირს)?
– გვაქვს როგორც ფასიანი ასევე უფასო მოდული. ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ მოდულში ანთავსებს კომპანია ვაკანსიას. ჩვენი მომსახურების ღირებულება იწყება მინიმალურიდან, რაც აძლევს ყველა კომპანიას შესაძლებლობას, ისარგებლოს ჩვენი სერვისებით.
როგორ ხდება განცხადებების არჩევა და მათი გაფილტვრა?
– საიტზე თავსდება ყველა ტიპის ვაკანსია. ჩვენ ვამოწმებთ კომპანია არის თუ არა იურიდიულად დარეგისტრირებული და მხოლოდ ამის შემდეგ ვანტავსებთ ვაკანსიებს საიტზე.
როგორია საიტის გეგმები…
– უახლოეს მომავალში ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს და რაც მთავარია არსებული საიტების განვითარებას ვგეგმავთ.
მარიამ ფანჩულიძე