ამ დროისთვის სიტუაციას სოფელ მოხეში პოლიცია აკონტროლებს, მუსლიმი თემის წარმომადგელები სადავო შენობის გარეთ ლოცვას განაგრძნობენ და პრობლემის მოგავრების ერთადერთ გზად სამლოცველოს დაბრუნებას ასახელებენ.
მას შემდეგ, რაც მოხეს სადავო შენობაში ადგილობრივმა მუსლიმებმა ლოცვა განაახლეს ადიგენის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს, საქართველოს მუფტის მოადგილეს ადამ შანთაძესა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს შორის, სადაც მუსლიმთა სამმართველომ განმარტა, რომ აღნიშნული ქმედებები მათთან არ იყო შეთანხმებული და ადგილობრივი მუსლიმები თვითნებურად შევიდნენ სადავო შენობაში.
მართლმადიდებლურმა მხარემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხელისუფლებას კი ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობა და დაპირისპირება.
„მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, არ აჰყვებიან პროვოკაციებს და შეწყვეტენ სადავო შენობაში თვითნებურ მოქმედებებს.“– ნათქვამია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის განცხადებაში.
მუსლიმთა სამმართველოსგან განსხვავებით, „საქართველოს მუსლიმთა კავშირის“ წარმომადგენელი ტარიელ ნაკაიძე ვითარების დაძაბვას რელიგიის სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის უმოქმედობას უკავშირებს და ზაზა ვაშაყმაძის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. მუსლიმთა სამმართველოს კი „ფსევდო კომისიის“ დატოვებას უწევს.
„ეს არის სახლემწიფოს მიერ კიდევ ერთი მცდელობა მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა. ორი წლის წინ რელიგიის საკითხთა სახლემწიფო სააგენტოს თამვჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის მეთაურობით შეიქმნა ფსევდო კომისია, რომელიც თითქოს გაარკვევდა სოფელ მოხეში არსებული შენობის წარმომავლობას, რაც აშკარად თვალში ნაცრის შეყრას ნიშნავდა. სამწუხაროა, რომ ამ კომისიაში შევიდა მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობა, რომელმაც ლეგიტიმაცია შესძინა ამ უმოქმედობას. საგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და გადაწყვეტილებები, რომელსაც სახელმწიფოს სახელით იღებს, დღითიდღე უფრო მეტად აშორებს მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან. სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ყოველთვის ცდილობდა მუსლიმი თემის ნების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ქმედებების განხორციელებას. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების სახელით და მისი ქოლგის ქვეშ აკეთებს. მოუწოდებ საქართველოს პრემიერ მინისტრს დაუყონებლივ გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც არ აქვს არცერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის დადებითი რეკომედაცია. ასევე დადგეს მისი თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის პასუხიმგებლობის საკითხი. ასევე მოუწოდებ საქართველოს საპატრიარქოს დროულად და მყისიერად იმოქმედოს თავისი წინამძღვრების მწყემსვაში და ნუ შეეცდებიან იძალადონ მუსლიმ თემზე.“-წერს პირად ფეისბუქ გვერდზე ტარიელ ნაკაიძე.
ბრალდებებს უპასუხა ზაზა ვაშაყმაძემ მთავარობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუსლიმი თემის დიკრიმინაციაზე საუბარი ტყუილი და არასწორია, ე.წ. მოხეს კომისიის ორ წლიანი მუშაობის შედეგად კი სასულიერო ლიდერებს, მუფტსა და მეუფეს შორის დიალოგის აღდგენა დაასახელა. არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული არა ერთ განცხადებას, რომ თითქოს ხელოვნურად ხდება მოხეს კომისიის გაჭიანურება და პრობლემების გადაწევა რეილგიის სააგენტოს თავჯდომარე არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ შექმნის დღიდან მათ ხუთი შეხვედრა გამართეს და კონკრეტული წინადადებები განიხილეს, თუმცა, შეთანხმება ვერ მოხერხდა. მისი განმარტებით, შენობის წარმოშობის დადგენა, სამუშაოების ძვირადღირებულობის გამო ფერხდება, რადგან მხოლოდ საწყის ეტაპზე, დაახლოებით 80 ათასი დოლარია საჭირო.
ზაზა ვაშაყმაძე – „მე ვსვამ კითხვას, სახელმწიფოს, რომ არ უნდოდეს მუსლიმი თემის ინტერესების განხორციელება, 130 მეჩეთი გადასცა რელიგიის სააგენტომ მუსლიმ თემს და ერთ მოხეს დაამადლებდა? გარდა ამისა, 2014 წელს საბჭოთა პერიოდში მიღებული ზიანის ანაზღაურებისთვის მუსლიმმა თემმა მიიღო 1 100 000 ლარი, 2015 წელს – 2 200 000. ამ დროისთვის მათთვის გადარიცხულია 2 200 000 ლარი, წლის ბოლომდე მიიღებენ 550 ათას ლარს მიირებენ. შარშან სახელმწიფომ ბათუმში 4-სართულიანი შენობა გადასცა მედრესეს და უახლოეს მომავალში, როდესაც შეჯერდება ყველა ის შესაძლო პროგრამა, რაც უნდა დაინერგოს, განათლების სამინისტროს მიერ მოხდება პროგრამების ლიცენზირება, ამოქმედდება პირველი ქართული მუსლიმური სასწავლებელი. ეს არის მათთვის, რათა აქ მომზადდეს კადრები და არ მოხდეს მათი გადინება უცხოეთში სასწავლებლად. ყოველივე ამის შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, სახალხო დამცველი, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, იმის თქმა, რომ საქართველოში მუსლიმი თემი არის დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ან არის მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა, ცოტა არ იყოს, ტყუილი და არაზუსტია.“
უცნობია, აქვს თუ არა მოხეს სადავო შენობის ირგვლივ არსებული სიტუაციის გამწვავებას პოლიტიკური სარჩული. რელიგიის სააგენტო აღნიშნულ ფაქტს არ გამორიცხავს, თუმცა მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემი აღნიშნავს, რომ მათი ქმედებები პოლიტიკურად არ არის მოტივირებული. ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინში სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
სიფიკო ნინიკაშვილი