შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” ყოფილი დირექტორი ირაკლი წულაია თანამდებობის დატოვების მიზეზს განმარტავს.
ამასთან დაკავშირებით ირაკლი წულაია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს , რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.
“ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთს 2013 წლის იანვარში ჩავუდექი სათავეში. შვიდი თვის განმავლობაში ჩვენ შევქმენით მართვის თანამედროვე სისტემები, რომელიც პროექტის წარმატებით განხორციელების გარანტია იქნება. ასევე განხორციელდა პროექტის ფინანსური და ტექნიკური ანალიზი, დაიდო სტრატეგია, რომლითაც პროექტი უმოკლეს ვადებში წარმატებით განხორციელდება.
დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ამ ხაზის გაგრძელებას და წარმატებით დაასრულებს პროექტს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ერთი თვის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი საქართველოში და მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი! ძალიან მალე დავუბრუნდები აქტიურ ცხოვრებას და ჩავებმევი ქვეყნის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესში”, – ნათქვამია წულაიას განცხადებაში.
ირაკლი წულაია 2013 წლამდე თავისი კომპანიით ხელმძღვანელობდა “ქართულ ოცნებაში” ინფორმაციის მართვისა და კონტროლის ცენტრს, ასევე მუშაობდა “ქართუ ჯგუფში” და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
ირაკლი წულაიას შემდეგ შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” დირექტორად ოლეგ ბიჭიაშვილი დაინიშნა. ბიჭიაშვილი “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორი იყო.
27.08.13