„ისე დაამთავრა ამ კომისიამ მუშაობა, რომ „ქართული ოცნების“, უმრავლესობის კოალიციამ თავისი პროექტი ვერ დადო. იყო ცალკეული წინადადებები, მაგრამ ეს წინადადებები დარჩა წინადადებებად. აკინძული დევს და თუ მომავალში განხილვას მოისურვებენ, მზად არის“. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე გამოეხმაურა. მან ამის შესახებ „რუსთავი-2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„იყო განწყობა, რომ რაც უნდა მივიღოთ, პარლამენტი მაინც არ მიიღებს ამ კანონპროექტს, ვინაიდან პარლამენტში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 113 ხმა, უმრავლესობას კი ჰყავდა 100-ზე ნაკლები დეპუტატი და მათ ყველა წინადადებას „ნაცონალური მოძრაობა“ უარით ხვდებოდა. შესაბამისად იმის ალბათობა, რომ რაიმე კონსტიტუციური ცვლილება განხორციელებულიყო, იყო ნულოვანი.
ნებისმიერი კონსტიტუციის გადასინჯვის, ნებისმიერი ცვლილების შეტანის დროს უნდა იქმნებოდეს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან პროფესიონალები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი კომისიის როლი, თუ პარლამენტში იქნება ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობა. ეს კომისია საჭიროა იმისათვის, რომ კანონპროექტები იყოს საზოგადოებისთვის მისაღები, ამით თავს დავიცავთ ერთპარტიული გადაწყვეტილებებისგან, რომელიც შესაძლოა მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან იყოს გამოწვეული. ამის საფრთხე ყოველთვის არსებობდა ყველა სახელმწიფოში და ამ საფრთხისაგან თავდაცვა არის იმ კომისიის შექმნა, რომელიც იქნება მრავალფეროვანი შემადგენლობის.
მეორე საკითხია გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი ამ კომისიის რეკომენდაციებს. ეს იქნება გარკვეული გარანტი იმისა, რომ არ მიიღებენ ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს. „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მოინდომონ, რომ ერთად შეძლონ მუშაობა. 2009 წელს როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, მიმიწვიეს მის წევრად თუმცა უარი ვთქვი. ჩემთვს ცხადი იყო, რომ რა გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო კომისიას, ის ერთპარტიული პარლამენტი ამას არ გაითვალისწინებდა. წინასწარ ვერ ვიტყვი ეს პარლამენტი იქნება თუ არა ასევე ვიწრო ჩარჩოებში მოქცეული,“-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მანანა ღოღობერიძე