2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ქართულ მედიასივრცეში მთავარ მოვლენას წარმოადგენდა. ტელევიზია, რადიო, პრესისა და ონლაინ მედიის წარმომადგენლები უწყვეტრეჟიმში ავრცელებდნენ ინფორმაციას პარტიების, მათი მუშაობის, ეგზიტპოლის შედეგებისა და ბოლოს, არჩევნების შედეგების შესახებ.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნების გაშუქების პროცესი სხვადასხვა მედიაში და რა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა მონიტორინგის შედეგად.
2016 წლის 20 მაისიდან 20 დეკემბრამდე პრესისა და ონლაინ მედიის მონიტორინგს ახორციელებს ორგანიზაცია – „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.“ კვლევის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ჯოლოგუა, საუბრობს იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც საარჩევნო პერიოდში მედიის მუშაობის პროცესში გამოვლინდა.
საარჩევნო პერიოდში გაშუქებულ მასალებში მედიის მხრიდან ეთიკის ქარტიის რომელი მუხლი დაირღვა ყველაზე ხშირად; რა ტიპის შეცდომები მეორდებოდა?
– პრესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების საკმაოდ უხეში დარღვევის შემთხვევები. გაზეთებში „ალია“ და „ასავალ-დასავალი“ სისტემატურად ირღვევა პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტური სტანდარტი თუ ეთიკის ნორმა. აღნიშნულ გამოცემებში ხშირად გვხვდება ჟურნალისტთა მხრიდან უკიდურესად მძიმე შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები პოლიტიკოსთა გაშუქებისას. ჟურნალისტთა მსჯელობა არ არის გამყარებული შესაბამისი ფაქტებით და ხშირ შემთხვევებში ეყრდნობა გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას. მოვლენები შუქდება ცალმრივად და ცალკეულ სტატიებში არ არის დაცული ინფორმაციის წყაროთა ბალანსი. გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნებისა და ჟურნალისტთა მხრიდან დაუსაბუთებელი მსჯელობის შემთხვევები ხშირად გვხვდება გაზეთში „ქრონიკა +“. რაც შეეხება ონლაინ მედიას, ვებგვერდების უმეტესობა ცდილობს დაიცვას ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტები და აღნიშნული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები საკმაოდ იშვიათად გვხვდება.
არჩევნების გაშუქების დროს ონლაინსა და ბეჭდურ მედიაში დაშვებული შეცდომები ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავდებოდა თუ არა; რა სახის შეცდომებს უშვებდა თითოეული მათგანი?
– პრესის შემთხვევაში ხშირია მოვლენების ცალმხრივი გაშუქება.
„ასავალ-დასავალში“ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას იყენებდა არა მხოლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, არამედ მის მხარდამჭერთა მიმართაც. ონლაინ მედიამ, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პროფესიონალურად და მიუკერძოებლად გააშუქა უშუალოდ არჩევნების პროცესი.
გამოვლინდა თუ არა შემთხვევები, როდესაც კანონის დარღვევით მედიის წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ არჩევნების გაშუქებაში?
– ჩვენი კვლევის ფარგლებში ამ ტიპის დაკვირვებას არ ვაწარმოებთ. თუმცა, მონიტორინგისთვის შერჩეულ მედიასაშუალებებს მსგავსი რამ არ განუცხადებიათ.
საარჩევნო პერიოდში გაშუქებული მასალების კონტენტს თუ გადავხედავთ რა სახის ცვლილებებს შევამჩნევთ, როგორ შეიცვალა არჩევნების პერიოდში ჟურნალისტური პროდუქტების თვისობრივი მხარეები?
– პრესის შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, ხშირია მოვლენების ცალმრივი, არაობიექტური გაშუქება. ონლაინ მედიის შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მოვლენების მხოლოდ ზედაპირული გაშუქება. ვებგვერდების უმეტესობა ყოველდღიურად აქვეყნებს მხოლოდ მოკლე სტატიებს, რომლებშიც ძირითადად წარმოდგენილია სხვადახხვა პოლიტიკოსის განცხადება ან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ყოველდღიური საქმიანობა. ძალიან იშვიათია საკითხების სიღრმისეული ანალიზი. ამ კუთხით გამოირჩევა ვებგვერდები civil.ge და netgazeti.ge, რომლებიც საკმაოდ ხშირად სთავაზობენ მკითხველ საკითხების სიღრმისეულ ანალიზსა და ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნებას ცალკეულ სტატიებში.
როგორც ცნობილია, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ 2012 წელს მიმდინარე საქარლამენტო არჩევნების დროსაც აწარმოებდა მედიამონიტორინგს. შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ 2012 წელს ჩატარებულ არჩევნებთან, როგორ შეიცვალა ჟურნალისტური პროდუქტების ხარისხი, გაიზარდა თუ შემცირდა არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებული ჟურნალისტური შეცდომები?
– ჩვენი ორგანიზაცია ონლაინ მედიის საარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს 2012 წლიდან. ხოლო პრესის საარჩევნო მონიტორინგს 2014 წლიდან. პრესაში ყოველთვის შეინიშნებოდა უარყოფითი განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ეს ტენდენცია გრძელდება დღემდე. 2012 და 2013 წლებში, შეინიშნებოდა დადებითი განწყობა „კოალიცია ქართული ოცნების“ მიმართ. თუმცა, 2014 წლიდან სურათი შეიცვალა და დღეს მმართველი გუნდის მიმართაც შეინიშნება უარყოფითი განწყობა. გაზეთები „ალია“ და „ასავალ-დასავალი“ 2016 წლის არჩევნების პერიოდში ღიად მოუწოდებდნენ მკითხველს, რომ ხმა არ მიეცათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“.
ონლაინ მედიის შემთხვევაში 2012 წლის შემდეგ სიტუაცია საკმაოდ შეიცვალა. 2012 წელს ონლაინ მედია იყო საკმაოდ პოლარიზებული და ვებგვერდების დიდი ნაწილი ღიად გამოხატავდა დადებით თუ უარყოფით განწყობას სხვადასხვა პარტიის მიმართ. ხშირად გვხვდებოდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევებიც. თუმცა, 2013 წლის შემდეგ სურათი შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ მედია პოლიტიკურ პროცესებს მეტად დაბალანსებულად და ობიქეტურად აშუქებდა. ასევე, შემცირდა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევებიც. 2016 წლის მონიტორინგის პირველ და მეორე პერიოდებში ონლაინ მედია საკმაოდ მიუკერძოებლად მუშაობდა და ჩვენს ანგარიშებშიც (www.mediamonitor.ge/ge/reports/) აღვნიშნავდით, რომ ვებგვერდების დიდ უმეტესობას არ ეტყობოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.
არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სურათი შეიცვალა და ონლინ მედიაში მკვეთრად იმატა ერთი მხრივ უარყოფითი ტონის მაჩვენებლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო, მეორე მხრივ, დადებითი ტონის მაჩვენებლებმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გაშუქებისას.
“მედიის განვითარების ფონდი” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიმიდინარე არჩვენების მონიტრინგს რამდენიმე მიმართუებით ახორციელდებდა– რაოდენობრივი, თვისებრივი ანალიზი,გენდერული წარმომადგენლობა და სიძულვილის ენა. მონიტორინგის ქვეშ 8 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება და 5 ონლაინ–მედია საშუალება იყო. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ხორბალაძე, აღნიშნავს, რომ 2016 არჩევნებში მედიის მხრიდან მთავარ პრობლებას პოლარიზება წარმოადგენდა.
„მედია კვლავ პოლარიზებულია. საინფორმაციო და აზრთა მრავალფეროვნება მიიღწევა რეალურად მხოლოდ მედიის მრავალფეროვანი სპექტრის არსეობით და არა რომელიმე ერთ ცალკე აღებულ მედია საშუალებაში. მაგალითად თუ ჯი–დიე–სი, იმედი, მაესტრო–ში მეტი მიკერძოებული მასალა გვხვდებოდა ხელისუფლების და სახელისუფლებო პარტის მიმართ, მეორეს მხრივ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ უფრო მიკერძოებული ხასიათის სიუჟეტები ჰქონდა რუსთავი2-სა და ტაბულას, “ობიექტივი” კი მნიშვნელოვან ტემებს ძირითადად “პატრიოტთა ალიანსის” პოზიციის მიმართ მიკერძოებით აშუქებდა. მედიის პროფესიონალიზმის ხარისხი განსაზღვრავდა იმას, რომ მეინსტრმულ ტელე–მედიას ძირითადად ხელოვნური ბალანსი ჰქონდა დაცული. თუმცა პრობლემა იყოს ფაქტებზე დამყარებული მასალების არსებობა. კერძოდ, დარღვევებიდან აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტელევიზიები გვაწოდებდნენ არასათანადო რესპონდენტზე დაყრდნობით ინფორმაციას, არ ამოწმებდნენ მათ ორ დამოუკიდებელ წყაროსთან, არ გვაწოდებდნენ საჭირო ბეგრაუნდს, და ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც საკითხის ობიექტური აღქმისთვის იყო აუცილებელი და ა.შ.
პორობლემები გამძაფრებული იყო ისეთ მედია–საშუალებებში, როგორიცაა “მარშალპრესი” და “პია“, სადაც ფაქტობრივ სიზუსტესთან დაკავშირებული პრობლემები გვხვდებოდა. სიძულვილის ენის თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩეოდა “მარშალპრესი“. მონიტორინგის ქვეშ მყოფი მეიიდან გაშუქების ყველაზე მაღალი სტანდარტით გამოირჩეოდა – “ნეტგაზეთი“.
„საინტერესო იყო, ასევე, მონიტორინგის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაში ქალების რაოდენობა ჯამში 15-16 %-ის ფარგლებში იყო, რაც ასახავს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობასაც.“
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ნათია კუპრაშვილი, ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების დროს მედიის პოლარიზება მთავარ დარღვევას წარმოადგენდა. ასევე, აღნიშნავს, რომ მედია თავის მხრივ მრავალფეროვანი იყო და რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აუდიტორიას საშუალება ეძლეოდა, თავად შეექმნა ბალანსი.
„არჩევნების გაშუქების პროცესში ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა პოლარიზება.
მედია, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრი გაიყო ორ ნაწილად და ძირითადად მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას აჩვენებდა, რაც საბოლოოდ არჩევნებზეც აისახა.
ვფიქრობ, რომ მედიასაშუალებებმა თავის მხრივ მონდომება დააკლეს, რომ თავიანთ მასალებში ბალანსი დაეცვათ და ყველა პოლიტიკური ძალა აესახათ. მრავალფეროვან გაშუქებაზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე უკეთ ქართულ მედიაში იყო წარმოჩენილი. გამიჭირდება კონკრეტული მედიასაშუალების გამოყოფა, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სტანდარტს, თუმცა მაყურებელს არჩევანი ჰქონდა. აუდიტორიას მისი გემოვნებითა და პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით შესაბამისი შინაარსი შეეძლო მოეძებნა, როგორც მაუწყებლებში, ასევე პრესასა და ონლაინ მედიაში. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა პარტიების მიმართ კეთილგანწყობილი წყაროებიდან და დასკვნები თავად გამოეტანა. ”
ნანუკა მაღლაკელიძე