ბოლნისის რაიონში, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა და შესაბამისად, ამ მაღაროდან პრეისტორიულ ხანაში, 5400 წლის წინ ოქროს მოპოვება არ დასტურდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებმა განაცხადეს.
კომისიის წევრის, მეცნიერ სანდრო თვალჭრელიძის განცხადებით, გაუგებარია რატომ შეაქვს ეჭვი არქეოლოგთა ერთ ჯგუფს კომისიის დასკვნის კომპეტენტურობაში, როდესაც საყდრისის ობიექტის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დასაბუთება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
მისივე თქმით, საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის უნიკალურ ძეგლად გამოცხადება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
კომისიის წევრების განმარტებით, საყდრისის ობიექტის კულტურული მეკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება მოხდა ფალსიფიკაციის გზით, რადგან ამის არანაირი საკანონმდებლო და სამეცნიერო საფუძველი არ არსებობდა.
საყდრისის ოქროს მაღაროები 2006 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანეს და მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 05.07.2013 წლის #03/108 ბრძანების საფუძველზე მოეხსნა.
27.08.13