ბოლო რამდენიმე კვირაა პოლიტიკაში ხშირად ისმის საუბარი პარლამენტის ახალი ლოკაციის შესახებ. ზოგის ვარაუდით, საკანონმდებლო ორგანოს შენობას ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა ელის, ზოგი კი ამას უახლოეს პერსპექტივაშიც ვერ ხედავს.
განსხვავებულია შეხედულებები თავად მმართველ გუნდშიც. საკონსტიტუციო ცვლილება ,,ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე დაანონსა, თუმცა, ამ ინიციატივას მმართველ გუნდში არცთუ ისე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
რთულია, პროგნოზი, თუ რა ელის პარლამენტის შენობას, ამას არჩევნების მეორე ტური განსაზღვრავს, თუმცა, სავარაუდოდ ცვლილებას უკვე უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს. თავად ,,ქართული ოცნების” მიერ ქუთაისში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – კობა ნარჩემაშვილი კი ერთ-ერთი პირველია, ვინც მმართველ გუნდს უპირისპიდება.
,,თუ ,,ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანოს, ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნება. სანამ ქუთაისი სრულად არ დაიტვირთება – საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას არ შეითავსებს და უბრალოდ ტურისტული და სატრანსპორტი ჰაბი არ იქნება, პარლამენტის გადატანაზე საუბარი მიზანშეუწონლად მიმაჩნია,“- აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.
თავად ,,ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად მოითხოვს, საკითხის შესახებ დისკუსიის შეწყვეტას. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – გიგი წერეთელი ამ თემის წინ წამოწევაში გარკვეულ ტაქტიკურ სვლებს ხედავს და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს დააგდოს ის ემოციური ფონი, რაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს თან ახლავს.
,,ქუთაისისთვის იმაზე დიდი პერსპექტივა, ვიდრე საპარლამენტო დედაქალაქია, ძნელად წარმოსადგენია. სწორედ ის, რომ ქალაქმა ამ 4 წლის განმავლობაში პარლამენტისგან ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა, ,,ქართული ოცნების“ ბრალია.”
რაც შეეხება მე-9 მოწვევის პარლამენტში შემავალ მესამე პოლიტიკურ ძალას – ,,პატრიოტთა ალიანსსა“ და მის პოზიციას, როგორც პარტიაში განგვიმარტავენ, მათთვის ქუთაისისა და თბილისის იდეაც ერთნაირად მისაღებია და გამოდიან ინიციატივით, კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლად ორივე ქალაქი განისაზღვრება.
ექსპერტი გია ხუხაშვილი წლების წინ პარლამენტის ქუთაისში გადატანას შეცდომად მიიჩნევ.
,,რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც მთავრობისა და დეპუტაციის წარმომადგენლებს ვერ მოუხერხებიათ ჩასვლა, ისევ და ისევ იმიტომ, რომ მათი დიდი ნაწილი თბილისის რეზიდენტია?!“
გია ხუხაშვილი ქუთასში პარლამენტის არსებობასა და ეკონომიკის ამ ტერიტორიაზე განვითარებასაც არალოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ,,რამდენიმე ბინის დაქირავებით არაფერი წყდება.”
საუბარი საკანონმდებლო ორგანოს შენობის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, თუმცა მაშინ ,,ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ცვლილებებს მოიტანს 30 ოქტომბრის არჩევნები. ქუთაისის პარლამენტის ლოკაციის ცვლილება კი სწორედ ამ დღეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული.
ნატალია ჯალაღონია