“როგორ შეიძლება მხარი დავუჭირო “ქართულ ოცნებას”, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც სააკაშვილის სასამართლო დაგვასვა თავზე, არაფერი შეცვალა სააკაშვილის ხელისუფლებიდან”. ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების”ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ “მაესტროს”ეთერში, გადაცემა “ღამის კონტაქტში”ისაუბრა.
“ის პიროვნებები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავიანთ გადაწყვეტილებაში აკრიტიკებდა, დღეს მომეტებული ძალაუფლებით არიან წარმოდგენილნი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში. ჩვენ ვემიჯნებით რაიმე სახის მოწოდებას რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მხარს ვუჭერთ ჩვენს კანდიდატს.
მინდა მოვუწოდო “თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერებს, რომ თუ იქნა რაიმე სახის განცხადება, ან რაიმე სახის საუბრები, რომ “თავისუფალი დემოკრატები” მხარს უჭერენ ან “ნაციონალურ მოძრაობას”, ან “ქართულ ოცნებას”, ეს იქნება პროვოკაცია. ისინი არ უნდა აყვნენ და ინფორმაცია ჩვენ უნდა მოგვაწოდონ. ჩვენ მეორე ტურში მხარს ვუჭერთ მხოლოდ ჭიათურაში ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს.
რაც შეეხება დღევანდელ განცხადებებს, ჩვენ უბრალოდ ვნახეთ პოზიციები იმ ადამიანების,რომლებიც ითვლებიდნენ ჩვენი პარტიის წევრებად 8 ოქტომბრამდე და წევრების 8 ოქტომბრის შემდეგ. მოწოდება იმის შესახებ,რომ მხარი არ დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”, არ უნდა აღიქმებოდეს როგორც მოწოდება ხმა მისცენ “ნაციონალურ მოძრაობას”.
როგორ შეიძლება პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ,ამ შემთხვევაში “თავისუფალმა დემოკრატებმა” მოუწოდონ ამომრჩეველს, რომ ხმა მისცენ “ნაციონალურ მოძრაობას”.ჩვენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ ავიღებთ. კარგად გვახსოვს წარსული და ამაზე არ ვისაუბრებ, ასევე კარგად გვახსოვს, რომ ქვეყანას ჰყავს ხუთი პოლიტიკური პატიმარი. როდესაც ამას ხელისუფლება უშვებს და შემდეგ მოწოდება,რომ პოლიტიკური პატიმრების შემქმნელ ხელისუფლებას დაუჭირო მხარი, იქნება არასწორი. პოლიტ-პატიმრებში ვგულისხმობ “კაბელების საქმეზე” დაკავებულ 5 ადამიანს.
თუ საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა რომელიმე ძალის ხელში არის სახიფათო და მიზანშეწონილი, ეს ჩვენი ვალდებულებაა რომ აღვნიშნოთ. ის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დამართა ქევყაანს და . კონკრეტულად კონსტიტუციას, ამის საფუძველს გვაძლევს. ამის საფუძველს გვაძლევს ასევე ის გამონათქვამები, როდესაც შეინიშნებოდა,რომ კონსტიტუციური უმრავლესობის შესაძლებლობა ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, მათ დაიწყეს შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ერთადერთ ინსტიტუტზე ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ფარსია, რომ მათ კონსტიტუციური უმრავლესობა დანაპირების შესასრულებლად სჭირდებათ. მაგალითად სასამართლო ხელისუფლების რეფორმას არ სჭირდებოდა არანაირი კონსტიტუციური უმრავლესობა, ამისთვის მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაც იქნებოდა საკმარისი, მათ ეს არ გააკეთეს,”-განაცხადა ლევან სამუშიამ.
მანანა ღოღობერიძე