“იზორიაზე ხელის შეწმენდა შეიძლება ბევრს უნდოდეს, თუმცა ის ამ შემთხვევაში არის ზუსტად ისეთივე მსხვერპლი, როგორც დაზარალებულის მშობელი, მთავარი პასუხისმგებელი არის ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა”. ამის შესახებ ყოფილმა თავდაცის მინისტრმა დავით თევზაძემ “ტვ-პირველზე”, გადაცემა “ინგა გრიგოლიას დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
“იზორია რა თქმა უნდა იმკის იმას, რაც დათესა ქალბატონმა თინამ და მისმა წინამორბედმაც.იზორია არაფერ შუაშია, ერთადერთი რაც ჯობდა იყო, რომ არ ეჩქარა ის პირველი ახსნა-განმარტება, რაც გააკეთა. სისტემას აქვს სერიოზული პრობლემა და ეს პრობლემები დაგროვებითი ხასიათისაა. ეს ფაქტი არის პირველი გადმოსხმა სავსე ჭურჭლიდან. თუ ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დროზე არ მიიღო ქირურგიული ზომები, სისტემა ხელიდან გაექცევა სახელმწიფოს. სანამ ურემი ბოლომდე გადაბრუნებულა და შეიძლება მისი დაყენება იმდაგვარად, რომ მასზე რეგულაციები მოქმედებდეს, ზომები მანამდე უნდა იქნას მიღებული. პირველ რიგში პასუხისმგებლობა ვისაც ეკისრება, არის უშუალოდ სამხედრო ხელმძღვანელობა. აქ ლაპარაკია არა ბაზაზე, უფრო მაღალ დონეზე, სახმელეთო ძალების სარდლობაზე და გენერალურ შტაბზე.
ასეთი ამბები ხდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში გახშირდა. რა როგორ მოხდა გამოძიება დაადგენს, მაგრამ ფაქტია მოხდა ცუდი რამ. სამეხდრო პირმა მოკლა სამოქალაქო პირი. თუმცა იმ კითხვას ვინ უპასუხებს, რომ ჯარის მართვა ხელიდან გაექცა მის სამხედრო ხელმძღვანელობას. როგორც ჩანს ბატონ პრემიერს მოახსენეს რომ გამოძიებულია, ყველაფერი გარკვეულია და მას არ აქვს საფუძველი არ ენდოს მათ. მაშინ ის მომხსენებელიც ვალდებულია ჩვენ გვითხრას რა არის გამოძიებული.
რა თქმა უნდა არსებობს კითხვები, თუ ბაზაზე მოხდა გასროლა, როგორ აღმოჩნდა ცხედარი ბაზის გარეთ, თავისით მივიდა, მიიყვანეს, მიიტანეს. სად აქვს ნასროლი, რამდენი აქვს მოხვედრილი. ჩვენ ვეყრდნობით მარტო ჯარისკაცის მონაცემებს, იმ ადამიანის, რომელმაც ადამიანი მოკლა და მერე ყვება, მოწმე კი არ არსებობს. ამაზე დაყრდნობით ვერანაირ ვერსიას ვერ ავაგებთ. ეს არის სპეციფიკური სამხედრო დანაშაული. ჩვენ გავაუქმეთ სამხედრო პროკურატურა და არ ვაპირებთ აღდგენას, არ გვყავს კვალიფიციური სამხედრო პროკურორები. ეს სისტემაა მთლიანად დაშლილი,”-განაცხადა დავით თევზაძემ.
მანანა ღოღობერიძე