სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჩემი განცხადების შემდეგ კიდევ უფრო ნოყიერი საფუძველი მიეცემა ათასგვარ მოსაზრებებს, კვალიფიციურ ანალიზს, არაკვალიფიციურ ჭორებს, ძალიან ბევრ სხვა რამეს, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შემდეგ ირაკლი ალასანიასა და გიორგი მარგველაშვილთან შესაძლო თანამშრომლობას შეეხებოდა.
„მეც ყურადღებით დავაკვირდები ამ ანალიზს და მათ შორის ჭორებსაც, რომელსაც სხვები ავრცელებენ“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არანაირი კონკრეტული გეგმა არ აქვს.
„მე კიდევ ორიოდე კვირა მიხილავთ პარლამენტის შენობაში. ორიოდე კვირის შემდეგ ვეღარ მიხილავთ რომელიმე სამთავრობო დაწესებულებაში, სამთავრობო თანამდებობაზე, სასამართლო და სხვა თანამდებობებზე. მე მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ვაგრძელებ საქმიანობას ოპოზიციური პოლიტიკურ ველზე. ამ საქმიანობის დროს მე მექნება მსჯელობა და დიალოგი ძალიან კონკრეტულ ბევრ ადამიანთან და მხოლოდ ორი, სამი თვის შემდეგ მოგახსენებთ უფრო კონკრეტულად იმის თაობაზე, თუ რა არის კონკრეტულად დაგეგმილი. არანაირ კონკრეტულ თემებზე არ ვსაუბრობ, რადგან არ მაქვს არანაირი კონკრეტული გეგმა და სქემა, ვის შევხვდები და ვის დავურეკავ ასეთი გეგმა არ მაქვს. ეს არ არის ამ წუთის საქმე“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მზად არის, ყველასთან ქონდეს დიალოგი, ვისაც საქართველო წარმოუდგენია დემოკრატიულ ქვეყნად.
“ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით – მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის. ამ დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება”, აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.