„არსად არ წერია, რომ მთავარი მესიჯი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება. ეს არის სრულიად აბსურდული თემა და პრაქტიკულად არ არსებობს. პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება უტოპიურია იმიტომ, რომ ამომრჩევლებს ასეთი ლოზუნგი „ქართული ოცნებისგან“ წინასაარჩევნოდ არ ახსოვთ“. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის დასრულების დროს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის არჩევის ცვლილება და შემდეგ ამას მოჰყვა დისკუსიები. შემდეგ ამ სრულიად გაურკვეველ საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. რატომ დადგა დღის წესრიგში ეს თემა, დღემდე ვერავინ სუბრობს. მე მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ისინი დგანან მთავარი დილემის წინაშე, რაში და როგორ გამოიყენებენ ისინი იმ მანდატებს, რომელიც საზოგადოებამ მიანიჭა. საზოგადოებამ რისთვის მიანიჭა მაღალი მანდატი „ქართულ ოცნებას. იმისთვის, რომ ასეთ უტოპიურ თემებზე ესაუბრათ როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის ცვლილება? სრულიად შეგნებულად ვიკავებდით თავს, რომ ამ თემაზე სერიოზულად გვესაუბრა. ამ თემის რეალურობას ვერ ვხედავ. ამ საკითხის გარდა სხვა ყველაფერი მოგვარებულია და ეს დაგვრჩა? ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი წონადი ან ნაკლებ წონადი არგუმენტი, თუ რატომ არის ეს ცვლილება საჭირო. თუ ვინმეს ეს ნომერ პირველი საკითხი გონია, რთული იქნება დისკუსიის წარმართვა.
პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმატებულია დღეს, ის არის ბალანსის საშუალება სხვადასხვა შტოებს შორის, ამ ინსტიტუტმა ბევრი საკითხი გადაარჩინა, ეს ხომ ფაქტია. რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტის აქტიური ჩარევა, დღეს საერთოდ არ გვექნებოდა ეროვული ბანკი. იქ, სადაც პრობლემა არ არის, რატომ ვიწყებთ იქიდან? უმუშევრობა შემცირდა, უკეთესი განათლების სისტემა გვაქვს? ეს საკითხები მოგვარდა და ახალ თემებზე გადავედით?
ქართველი ხალხის მანდატი პოლიტიკურ პარტიებს, მმართვლ გუნდს არ მიუღია იმიტომ, რომ უტოპიურ თემებზე ილაპარაკოს, არამედ მისცა იმიტომ, რომ ისაუბროს რეალურ პრობლემატიკაზე და იმოქმედოს. საკონსტიტუციო უმრავლესობის ნაკლოვანება და სიძლიერე ერთდროულად არსებობს. ნაკლოვანება არის იმაში, რომ მიიღო ერთი პირის მიერ ახირებული გადაწყვეტილებები, ან მიიღო ფართო კონსენსუსით. ახლა ამ ზღვარზე ვდგავართ. რეალურად საკონსტიტუციო უმრაველესობა არის საუკეთესო საშუალება ნებისმიერი რეფორმებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის. საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა იყოს გამოყენებული საზოგადოების უკეთესი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად და არა ცალკეული ახირებების განსახორციელებლად.
პრეზიდენტმა ამის შესახებ უშუალოდ არჩევნების დღესაც ისაუბრა, რომ მხარი დაუჭირა მრავალპარტიულ პარლამენტს, რაც საინტერესო იქნებოდა მრავალფეროვანი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. თუმცა ეს არის საზოგადოების დაკვეთა და პრეზიდენტი პირვლი რიგში პატივს სცემს მოსახლეობის არჩევანს,“–განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე