„ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ჩანს საკუთარი გამოცდილება ახსოვს. მათი მმართველობის პერიოდში კონსტიტუცია 24–ჯერ შეიცვალა, იურიდიული პირებიც კი ამ ცვლილებებს პოსტ–ფაქტუმ იგებდნენ. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი კონსენსუსი და ათწლეულებს გაუძლებს“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამნეტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„მიკვირს რატომ ხდება ასეთი საკითხები აქტუალური, როდესაც რეალური საფუძველი არ არსებობს. „ქართულ ოცნებაში“ საუბარი კონკრეტულ კონსტიტუციურ ცვლილებებზე არ არის, ეს ეხება ორპალატიანი პარლამენტის თემასაც და პრეზიდენტის არჩევის წესსაც. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც განვახორციელებთ, მოხდება საზოგადოების ფართო ჩართულობის კონტექსტში. თეორიულად ნებისმიერი ცვლილების განხორციელება შეგვიძლია, თუმცა ჩვენ გვინდა ნებისმიერ ინიციატივას და ცვლილებას ჰქონდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი. ამისათვის გვექნება სახელწიფო საკონსტიტუციო კომისია“.
„გიორგი კახიანმა მმართველი გუნდის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა“.
„შეხვედრის იცინიატორი დავით უსუფაშვილი იყო. განვიხილეთ ახალი მოწვევის პარლამენტისთვის სამსჯელო საკითხები. ერთი შეხვედრით საკითხების ამოწურვა შეუძლებელია, ეს ფორმატი გაგრძელდება და გაფართოვდება. ახალი მოწვევის შეხვედრის პირველი დღე უკავშირდება პარლამენტის სტრუქტურულ დაკომპლექტებას. სხდომას გახსნის პრეზიდენტი და ამ დღესაც თავად დანიშავს, მეორე ტურის არჩევნებიდან არაუგვიანეს 20 დღის განმავლობაში. პარლამენტის შეხვედრის ბოლო ვადა არის 19 ნოემბერი.თარიღი დამოკიდებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო ანგარიშის გამოცხადებასთან. სხდომაზე პარლამენტი იმსჯელებს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე, ჩამოყალიბდება ფრაქციები, კომიტეტები და მათი თავმჯდომარეეები, მოხდება ბიუროს ფორმირება. შემდეგ იწყება მთავრობის ფორმირების პროცესი. მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება ახალი პარლამენტის მოწვევის დღიდან უწყდება.
რთულად სათქმელია რას და როგორ აპირებს დავით უსუფაშვილი ახლო მომავალში, ის აგრძელებს პოლიტიკურ კარიერას ოპოზიციაში, თუმცა არ ვიცი მისი კონკრეტული გეგმები. ჩვენ ვართ სახელისუფლებო გუნდი, მოსახლეობამ მაღალი ნდობა გამოგვიცხადა და ამ გზაზე სათანამშრომლოდ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდთან. ეს შეიძლება იყოს ქვეყნის მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარეც. ეს მიზნების რეალიზების პროცესში მნიშვნელოვანია, თუმცა ძალიან ადრე მგონია ამაზე საუბარი. არაფერს გამოვრიცხავ, ეს უფრო მეტად დავით უსუფაშვილის გადასაწყვეტია. თანამშრომლობა შეიძლება ყველასთან, ვისი პოლიტიკური მიზნებიც ჩვენს მიზნებთან იქნება თანხვედრაში,“–განაცხადა გიორგი კახიანმა.
მანანა ღოღობერიძე