სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ინკლუზიური პროექტის პრეზენტაცია გამართა. შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში უნიკალური პროგრამა UG Lemondo Trainings ცენტრთან ერთად განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შშმ ახალგაზრდები მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს შეისწავლიან, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ წამოიწყონ საკუთარი საქმე. ეს იქნება საქართველოში პირველი ინკლუზიური სტარტაპი.
პროგრამა საპილოტეა, რომლის მონაწილეებს მიეცემათ შანსი დაეუფლონ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას და გახდნენ მოთხოვნადი კადრი გლობალურ ბაზარზე. პროგრამირების შესწავლა იწყება პირველი საფეხურიდან და წინასწარ სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს.
მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: I- აპლიკაციები, II-ჰაკათონი. პირველ ეტაპზე შეირჩევა 10 შშმ პირი და შეიქმნება ინკლუზიური კლასი.
უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს რომლებიც ფლობენ : საშუალო დონის ინგლისურს, რათა შეძლოს მასალის დამუშავება;
ინტენსიური პროგრამა გაგრძელდება 3 თვე: UG Lemondo Trainings-ის კომპიუტერულ ლაბორატორიაში კვირაში ოთხჯერ ჩატარდება ორ-საათიანი შეხვედრა. პირველი ორი კვირა: შესავალი პროგრამირებაში და დაკავშირებული კომპეტენციების ამაღლება. მომდევნო ორი თვე დაეთმობა თეორიულ და პრაქტიკულ ინტენსიურ კურსს iOS ის ან Android ის მიმართულებით;
პროგრამის დასკვნითი ნაწილი: განხორციელდება პრაკტიკული მუშაობა თემაზე “შექმენი შენი პირველი აპლიკაცია“.
ტექნო პარკში გამართულ პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო. ტარიელ ხეჩიკაშვილი: „თქვენ გაქვთ შანსი, დაეუფლოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას და გახდეთ მოთხოვნადი კადრი გლობალურ ბაზარზე. პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ წამოიწყოთ საკუთარი საქმე. ნუ შეგაშინებთ ის გარემოება, თუ ეს სფერო, კომპიუტერული ტექნოლოგიები უცხოა თქვენთვის, ვინაიდან ყველაფერს შეგასწავლით ნულიდან.
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს და იზრუნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ რეალიზებული და იყვნენ მოთხოვნადი სხვადასხვა სფეროში. ახლა ჯერი თქვენზეა. ჩვენს პროგრამაში ჩართვით თქვენ უკვე გამოხატეთ ახალი პროფესიის დაუფლების სურვილი, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება. ახლა თქვენ უნდა გამოავლინოთ თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები, რადგან თქვენი მიზანდასახულობა და მონდომება, თქვენს მიერ მიღწეული შედეგები ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს მისცემს სტიმულს და გაუჩენს სურვილს, თავადაც ჩაერთონ ამ პროგრამაში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და თქვენ იქნებით წარმატებულები იმ საქმეში, რომელსაც ჩვენ ახლა ერთად ვიწყებთ.
გისურვებთ წარმატებას!“