“მე გიგი უგულავას პოზიციას სრულად ვიზიარებ. პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი ხელმძღვანელობა. ვერც საზღვარგარეთიდან და ვერც საპატიმროდან ვერ ხდება პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში სრულფასოვანი მონაწილეობა”. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ოთარ კახიძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” ისაუბრა.
“წერილი ციხიდან გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გამოიტანა. წერილში არაფერი დამაბნეველი არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, გაცემულია დაპატიმრების ორდერი, ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, ეს მისი არჩევანი არ ყოფილა. პარტიას თავმჯდომარე ამ ეტაპზე არ ჰყავს. ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის ჩამოცილება, უბრალოდ პარტია უნდა იყოს ქმედითი ორგანიზმი. ეს არის პოლიტიკური დევნის ლოგიკური შედეგი. ასეთ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღებაც ფერხდება.
იმისათვის, რომ პარტია იყოს ეფექტური და ქმედითი ორგანიზმი, იმისათვის, რომ შეძლოს დასახული მიზნის მიღწევა, სჭირდება ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. პარტიის პირველი ნომერი არის დავით ბაქრაძე, ის ასევე არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მოცემულ მომენტში უმაღლესი თანამდებობის პირი ის გახლავთ. პროცესები იქნება გამჭვირვალე, ყრილობაზე აირჩევა ახალი თავმჯდომარეც და ახალი პოლიტსაბჭოც.
არჩევნების მოგების შემთხვევაში უნდა დაკომლექტებულიყო მთავრობა და მას ბუნებრივია უნდა ჰყოლოდა მეთაური, პრემიერ-მინისტრი. სანამ არ მოგვარდებოდა მოქალაქეობის აღდგენის საკითხები, მანამ ფიზიკურადაც გამორიცხული იყო მიხეილ სააკაშვილის მეთაურობა. ეს არის ის შეცდომა, რომელიც დავუშვით. პარტიაში ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, რომ მკაფიოდ დაგვესახელებინა დავით ბაქრაძე კანდიდატად. თუ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა არის ერთი ადამიანი და პარტია მასში არის განსხეულებული, ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. “ქართული ოცნებისგან” სწორედ იმით განსხვავდება “ნაციონალური მოძრაობა”, რომ აქ არის აზრთა სხვადასხვაობა, პარტიის დემოკრატიულად მართვის მექანიზმები,”-განაცხადა ოთარ კახიძემ.
მანანა ღოღობერიძე