“უკვე 12 წელი ვარ არასამთავრობო სექტორში, ვიყავი სხვადასხვა პოზიციაზე, 9 თვე არის რაც აღარ ვიკავებდი “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. მიმაჩნია, რომ საკუთარი თავი არასამთავრობო სექტორში ამოვწურე”. ამის შესახებ გენერალური აუდიტის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “კონტაქტში” ისაუბრა.
“დიდი ხანი ვფიქრობდი გადაწყვეტილების მიღებას და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო თვითონ ინსტიტუციის, აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი. მისი საქმიანობა გამოირჩევა პოლიტიკური ნეიტრალიტეტით. ბოლო წლების არა ერთმა რეფორმამ დამარწმუნა, რომ აუდიტის სამსახურს სწორი გეზი აქვს აღებული. ეს სამსახური კიდევ უფრო მეტი ვალდებულებებით და პასუხისმგებლობით იქნება გამორჩეული.
კამპანია “ეს შენ გეხებას” პირველი საქმიანობა დაიწყო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც პარტიების ფინანსურ მონიტორინგს შეეხებოდა. შემდეგ საზოგადოების ჩართულობის წყალობით მოხდა ცვლილებების შეტანა პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, აუდიტის სამსახურმა შემოიღო შიდა რეგულაციები. თუ საარჩევნო პროცესს და ორგანიზაციების დასკვნებს გადავხედავთ, აუდიტის სამსახური არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესების მონიტორინგში.
სხვა შემოთავაზება ხელისუფლებისგან არ ყოფილა. იყო ეს წინადადება პირადად გენერალური აუდიტორისგან და როგორც ვიცი სხვა უწყების წარმომადგენელი ჩართული არ ყოფილა,”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მანანა ღოღობერიძე