“შემთხვევითობა პასუხისმგებლობისგან არავის არ ათავისუფლებს. კულტურულ მემკვიდრეობაზე შემთხვევითობა არ უნდა ხდებოდეს, ეს შეიძლება აღმოჩნდეს სავალალო. ამ ფაქტმა გვაიძულა, რომ დავიწყოთ რესტავრაციის, კონსერვაციის სამუშაოები”. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “შაბათის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“წლების წინ როდესაც დგებოდა მუზეუმ-ნაკრძალის ფუნქციონირების საკითხი, მკაცრად უნდა ყოფილიყო გაწერილი თუ ვინ როგორ იმოქმედებდა. ამ გადაუდებელი სამუშაოების შემდეგ, 2017 წლიდან ვიწყებთ სრულ მასშტაბიან საკონსერვაციო სამუშაოებს. ვარძიის მხატვრობის ჩაბარებისას ჩვენ გვითხრეს, რომ მას ბუნებრივი დაზიანების საფრთხე არ ემუქრებოდა და მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, რამდენიმე წელი მხატვრობაზე ხელის ხლების აუცილებლობა არ იყო.
გამოძახებული იყო სამართალდამცველი ორგანოები, ისინი ფაქტს სწავლობენ, ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ რომ დადონ სრულფასოვანი დასკვნა. დასკვნის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება შესაბამისი. შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს. ეს საკმაოდ დიდი ზიანი იყო ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის. სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით პრობლემები მხოლოდ ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან არ გვაქვს. ხდება უკანონო შავი არქეოლოგია, რასაც მაქსიმალურად ვებრძვით და მაინც არ არის ეფექტური, ეს ეხება საერო ნაგებობებსაც. ჩვენი თვითმიზანი ვინმეს დასჯა არ არის, მთავარია პრევენციები.
საპატრიარქოს და სახელმწიფოს დალაგებული აქვს ურთიერთობა სამართლებრივ დონეზე. საპატრიაქროს იმ ინსტიტუციასთან, რომელიც კონკრეტულად ნებართვებს იძლევა და უწმინდესის მიერ ჩაბარებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის საკითხი, ჩვენ კარგად ვმუშაობთ. პრობლემა არის დაუმორჩილებელი, თვითნებური ადამიანები, რომლებიც არიან ეპარქიებში, ან შემომწირველია, შეიძლება სასულიერო პირი იყოს. კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი სრულფასოვნად არის შემუშავებული, რომელიც გადაცემულია ექსპერტებს და მათ შენიშვნებსაც გავითვალისწინებთ. ამ კოდექსის მიღწევა იქნება, რომ ყველა მესაკუთრე იქნება თანაბარი პასუხისმგებლობის, საჯარიმო სანქციებიც იქნება გამკაცრებული. საგაზაფხულო სესიაზე ეს კოდექსი გავა,”- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
მანანა ღოღობერიძე