იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დღეს გაიმართება ვიზიტით გათვალისწინებული ოფიციალური შეხვედრები. პაოლო ჯენტილონი პირველ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან გამართავს, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში პაოლო ჯენტილონი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს გუშინ ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე და საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი დაესწრნენ.
„იტალია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, ის აქტიურად გვიჭერს მხარს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ბიძგი იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. გარკვეული თვალსაზრისით ეს ვიზიტი ისტორიულიც გახლავთ, ვინაიდან 25 წლის მანძილზე ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განახორციელებს“ – განაცხადა კახა სიხარულიძემ. საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.
„იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტი მნიშვნელოვანია მრავალი მიმართულებით, პირველ რიგში კი პოლიტიკური კუთხით. ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენ საქართველოსა და ამ რეგიონს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“ – აღნიშნა ელჩმა დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 6-7 ნოემბერს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდგომ
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე – „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“.
ვიზიტის ფარგლებში პაოლო ჯენტილონი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა საქართველოს რეფორმებს სახელმწიფო სერვისების სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იტალიის დაგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს