„ ტერმინი გამოცდა უნდა ამოვიღოთ სისტემიდან. არ შეიძლება გამოცდა ადამიანის, რომელიც ცხოვრებამ 30 წლის განმავლობაში უკვე გამოსცადა და თაობები ჰყავს აღზრდილი. გამოცდას ბარიერი არ ექნება, აღარასოდეს გვეყოლება ჩაჭრილი მასწავლებელი. უბრალოდ ის თავისი ქულის შესაბამის კრედიტებს დააგროვებს და შემდეგ გააგრძელებს შრომას“. განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმების და კონკრეტული პროექტების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდების სისტემაში შევიდა ცვლილებები, მთავარია რომ გამოაკლდა მუქარა. სქემა მთავრდებოდა სიტყვებით, თუ არა და წახვალ სახლში. სქემა, რომელიც არის დამშინებელი, ბუა, ვერ იქნება პროფესიული განვითარებისთვის. უნდა გავითვალისწინოთ მასწავლებელბის სამეცნიერო ხარისხიც, სოციალური საქმიანობა. გადავწყვიტეთ მასწავლებელთა კონფერენციების აღდგენა, ეს ყველაფერი მასწავლებელს დაუგროვებს კრედიტებს და საშუალებას მისცემს გადავიდეს შემდეგ დონეზე.
სკოლაში უნდა დავაბრუნოთ სული, აქ პირველ რიგში კარგი ადამიანი უნდა აღიზარდოს. მთავარი სამუშაო გვაქვს მასწავლებლებთან, მათ უნდა მისცე სიყვარული, მხარდაჭერა. დედა თუ წიგნით არ ნახა ბავშვმა, თავადაც არასოდეს წაიკითხავს. დღეს მასწავლებელს იმდენი დოკუმენტაციის კეთება უწევს, ძნელი მისახვედრია მასწავლებელია თუ ბუღალტერი, ჩვენ ამ სქემას შევცვლით. პედაგოგების მოტივაციის გასაგებად თავად უნდა ვკითხოთ მათ. ხუთი თვის განმავლობაში შევხვდი 12 ათას პედაგოგს. მათ სჭირდებათ მეტი დრო ბავშვებთან სამუშაოდ, მხარდაჭერა მშობლებისგან, სჭირდებათ ნაკლები ბავშვი. ხელფასი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. მასწავლებლის საშუალო ხელფასი თანდათან დაეწევა ქვეყნის საშუალო ხელფასს, მასწავლებელი სხვაზე მეტად დაჩაგრული არ იქნება.
39 მსხვილი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. სასწავლო პროგრამის რედიზაინი, გადაკეთება და მისადაგება ახლანდელი ბავშვების საჭიროებებზე არის პრიორიტეტი. წესით პირველ კლასელს სულ უნდა ვეთამაშოთ და მეთორმეტე კლასელმა თავი ვერ უნდა აწიოს წიგნიდან. სწავლის შეყვარება არის სკოლის მთავარი ამოცანა. დამახსოვრებაზე ორიენტირებულ სისტემას მთელ მსოფლიოში ცვლის აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემა. საზეპირო უნდა ისწავლოს ბავშვმა, მაგრამ ზომიერად. ჩვენ გვყავს ზღაპრული მასწავლებლები, თუმცა გაკვეთილი არ უნდა იყოს მონოტონური. ის თამაშით, შეჯიბრით ხუმრობით და იუმორით უნდა იყოს შეზავებული, მაშინ სკოლა ბავშვისთვის საინტერესო გახდება. ერთ წელიწადში უკვე გვექნება პრინციპულად ახალი პროგრამის ჩონჩი. ის იქნება ასაკობრივად შესაბამისი. არ შეიძლება მაგალითები იყოს მოყვანილი არქაული პერიოდიდან, დინოზავრების ნაცვლად ბავშვებს უნდა ვესაუბროთ კომპიუტერზე, ინტერნეტზე, იუთუბზე.
მთელი ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს სამ კილოგრამს. ეს არის სტანდარტი ნებისმიერი ასაკისთვის. ამ მიმართულებით გვაქვს გეგმები როგორ ფურცელზე უნდა დაიბეჭდოს წიგნი, რომ იყოს მსუბუქი. ნებაყოფლობით ალტერნატივად შემოვიღებთ ელექტრონულ წიგნებს, თუ მშობელი გადაწყვეტს, სახლში ბავშვი იმუშავებს წიგნებით, სკოლაშიწაიღებს მხოლოდ კომპიუტერს, რომელშიც იქნება ჩატვირთული ყველა სახელმძღვანელო“.
განათლების მინისტრმა მცირე განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტზეც გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სიახლეები იქნება, თუმცა პოზიტიური. რესპუბლიკელების მმართველობის დროს პოზიტიური გარღვევები ხდებოდა ჩვენს ურთიერთობებში, ისინი კონკრეტული მოქმედების მოყვარულები არიან და ვფიქრობ რესპუბლიკელ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა ამის შედეგად გაძლიერდება“.
მანანა ღოღობერიძე