„ივანიშვილმა მოახერხა ფაქტობრივად ყველა პარტიის გაქრობა და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დღეს არის ჩვენზე, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ საფრთხეებს. ჩვენ ვერ ვიქნებით პოლიტიკოსები, რომლებიც შედიან მხოლოდ იმ არჩევნებში, სადაც მოგება არის გარანტირებული“. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რვიანის“ ეთერში ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ პარლამენტში შესვლა, მეორე ტურებში მონაწილეობა იყო არასწორი გზა. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი მანიპულაციები და უსამართლობის განცდა, ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები და მივიღეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადწყვეტილება, რომ ვიბრძოლოთ პარლამენტშიც და პარლამენტის გარეთაც. პარტიაში რომ ერთმანეთის ნდობა არ გვქონდეს და რომ არ ვიზიარებდეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს, ვერ იარსებებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ არ გაქრა, გადაიტანა უმძიმესი დარტყმები და არა მხოლოდ შენარჩუნდა, განაგრძობს განვითარებას.
ვხედავ ხელისუფლების და სუსის ხელს, რომ სურთ ეს კამათი და მსჯელობა მონათლონ როგორც პარტიის შიგნით დაპირისპირება, გახლეჩვა. რა თქმა უნდა აქ იქნება ბიძინა ივანიშვილის მცდელობაც, რომ ხელოვნურად ამ პროცესში შეგვიყვანონ. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და მიუხედავად კამათისა, უნდა ვკონცენტრირდეთ მთავარზე, ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილისგან მომავალ საფრთხეებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები თუ როგორ უნდა ვიმუშავოთ პარლამენტში, პარლამენტს გარეთ და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით. ჩვენი პარტიის მომხრეებს ვერ დავყოფ კონკრეტული ადამიანის, ან ჯგუფის მომხრეებად, ისინი ფასეულობების ერთგულები არიან. ჩვენ ჩავატარებთ ყრილობას და მნიშვნელოვანია მისთვის მზადება იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული,“–განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მანანა ღოღობერიძე